სარესტორნო ბიზნესში არსებული საკადრო დეფიციტის გამო ბიზნესი მუშა-ხელის უზბეკეთიდან ჩამოყვანას გეგმავს. ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი აცხადებს. ასოციაციის ინფორმაციით, ბოლო ორ წელიწადში სარესტორნო ბიზნესი 20 000-მდე დასაქმებულმა დატოვა. ერთ-ერთ მიზეზად დაბალი ანაზღაურება სახელდება.
“ქვეყანა დატოვა ბევრმა ადამიანმა, რომელიც ამ სფეროში იყო დასაქმებული. გარდა ამისა, ბიზნესის გარკვეულმა ნაწილმა ვერ შეძლო სახელფასო მოთხოვნილების დაკმაყოფილება. ამის გამო ვართ იმ რეალობაში, რომ კადრების უდიდეს ნაკლებობას განვიცდით. რამდენადაც სასაცილოდ არ უნდა ჟღერდეს, დღეს ძალიან რთულია დამლაგებლის და ჭურჭლის მრეცხავის მოძიებაც. შესაბამისად, ვფიქრობ და ვდგამთ ნაბიჯებს, რომ უზბეკეთიდან შემოვიყვანოთ ის ხალხი, რომელიც შრომისუნარიანია. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმდენად დეფიციტურია ეს მიმართულება, თუ არ შევავსეთ, ვერ განვითარდებით ,“ -ამბობს რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტი.