საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე აცხადებს, რომ დამოუკიდებლობა პირობითია და მთავარია სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატები პროფესიონალები არიან. ასე უპასუხა მან BM.GE-ის კითხვას - რამდენად დამოუკიდებლები იქნებიან საბჭოს წარდგენილი წევრები, მაშინ როდესაც 3 მათგანი ეროვნული ბანკის მოქმედი თანამშრომელია, ხოლო ერთი - „ოცნების“ მინისტრთა კაბინეტის წევრი და სოფლის მეურნეობის მინისტრი.
„ძალიან მოხარული ვარ. წლები გავიდა და ვერ ვახერხებდით... როგორც იქნა, მოხდა კანდიდატების წარმოდგენა, განხილვა და იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში დამტკიცდება და ეროვნული ბანკი სრულფასოვან მუშაობას დაიწყებს.
რაც შეეხება დამოუკიდებლობას, თქვენ ხედავთ, რომ სამი კანდიდატურა სებ-ის წიაღიდან არის წამოსული, გამოცდილებაც ბევრი აქვთ და დამოუკიდებლობაც. თვითონ დამოუკიდებლობაც პირობითია იმ გაგებით, რომ ჩვენი წევრი იყო პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, იგივე სალომე ზურაბიშვილი, მაგრამ ყველაზე დიდი ოპოზიციონერები ეგენი იყვნენ ჩვენთვის და არამხოლოდ ეგენი, მინისტრები და პრემიერ-მინისტრიც, ამიტომ დამოუკიდებლობა პირობითია. მთავარია, რომ ისინი არიან პროფესიონალები და მზად არიან ბანკში იმუშაონ. მგონი, პროფესიონალიზმზე არავის ეჭვი არ შეეპარება. კარგი კანდიდატები არიან“, - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.