ერთპარტიული პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა "ქართული ოცნების" პრეზიდენტის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ კანდიდატებს მხარი დაუჭირა. ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილს წარდგენილი ჰყავდა ვახტანგ ბურკიაშვილი, ოთარ შამუგია, ლევან ძნელაძე, ნინო ჯელაძე, რომელთაც დღეს მოუსმინეს.
ცნობისთვის, ამჟამად, ეროვნულ ბანკს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი ნათია თურნავაა. 2023 წლის ნოემბერში ეროვნულმა ბანკმა საბჭოს ორი აღმასრულებელი წევრი აირჩია - ვიცე-პრეზიდენტების პოსტები ეკატერინე მიქაბაძემ და ეკატერინე გალდავამ დაიკავეს. თეიმურაზ ხომერიკი და ნანა ყეინიშვილი კი საბჭოს არააღმასრულებელი წევრები არიან.
2023 წლის სექტემბერში სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით გამოცემული საგამონაკლისო ბრძანების მიმართ პროტესტის ნიშნად, ეროვნული ბანკის სამმა ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა, პაპუნა ლეჟავამ და ნიკოლოზ გაგუამ თანამდებობები დატოვეს.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის პირობებში, 2023 წლის ბოლოს პარლამენტმა დაბლოკა სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებად გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე.