"ოცნების" მთავრობის ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე რუსთავში გამართულ ღონისძიებაზე მიულოცა მოქალაქეებს. მისი თქმით, 26 მაისი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია.
„ყველას ვულოცავ დღევანდელ დღეს. ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია. არასდროს დამავიწყდება ის ემოცია, რომელიც მქონდა 1991 წელს, მიუხედავად იმისა, რომ ასაკით პატარა ვიყავი“, — განაცხადა სოხაძემ.
მან ხაზი გაუსვა ტერიტორიული მთლიანობის მნიშვნელობას და იმ მოქალაქეების ღვაწლს, ვინც ყოველდღიური შრომით ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცებას უწყობს ხელს.
„მინდა ყველას ვუსურვო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ვიზეიმებთ ამ დღეს. განსაკუთრებით ვულოცავ ყველა იმ ადამიანს, ვინც ყოველდღიურად შრომობს, რომ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა კიდევ უფრო გამყარდეს და გაძლიერდეს“, — განაცხადა მან.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები წელს რუსთავში ტარდება. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებით, ქალაქის თავისუფლების მოედანი მთელი დღის განმავლობაში მასპინძლობს სხვადასხვა კულტურულ და საგანმანათლებლო აქტივობებს.
ღია სივრცეში მოწყობილია გამოფენა-გაყიდვა, სადაც წარმოდგენილია ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრები. ტერიტორიაზე ასევე განთავსებულია სამხედრო ტექნიკის ექსპოზიცია, ფლორისტების კუთხე, იმპროვიზირებული კაფე და გასართობი ზონები ბავშვებისთვის.
ღონისძიების პროგრამა მოიცავს ილუზიონისტის შოუს, თითების თეატრის წარმოდგენას, სპორტულ თამაშებსა და ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტებს.
დღის კულმინაცია ქორეოგრაფიული შოუ და გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის კაპელის მიერ შესრულებული საქართველოს ჰიმნი იქნება. დასკვნით ღონისძიებაზე მოწვეული მუსიკოსები წარდგებიან, ხოლო კონცერტს ჯგუფი „ურსა“ დაასრულებს.




























