მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დამსახურების მიხედვით ჩვენ საკმაოდ მალე გვეკუთვნის SEPA-ს წევრის სტატუსი - ნათია თურნავა

თურნავა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ევროს ერთიანი გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს გაწევრიანების შესახებ განაცხადა, რომ მისი შეფასებით, დამსახურების მიხედვით, საქართველოს ამ საგადახდო სივრცეში გაწევრიანება საკმაოდ მალე ეკუთვნის.

"SEPA-სთან დაკავშირებით ჩვენს მიერ შეტანილი არის განაცხადი, მაგრამ განაცხადის შეტანა, რა თქმა უნდა, ნიშნავდა ძალიან დიდ სამუშაო პროცესს. სამუშაო იქნა გაწეული, ყოველწლიურად ჩვენი გეგმის მიხედვით მივდივართ. სხვა ქვეყნების მაგალითებს რომ ვუყურებთ, იქაც არ არის რაღაც ასეთი დაჩქარებული გადაწყვეტილების მიღების მაინცდამაინც ბევრი მაგალითი. აქედან გამომდინარე ჩვენ ველოდებით, რომ ჩვეულებრივად ნორმალურად გეგმაზომიერად გავყვებით ამას და მივიღებთ საბოლოო ჯამში დამსახურების მიხედვით გადაწყვეტილებას, თუკი ეს იქნება დამსახურების მიხედვით.

მე არ მინდა კომენტირება მოლდოვას ქეისის. მე ვამბობ, რომ დამსახურების მიხედვით ჩვენ საკმაოდ მალე გვეკუთვნის SEPA-ს სტატუსი", - განაცხადა ნათია თურნავამ.

საქართველომ SEPA-ში გაწევრიანების განაცხადი 2022 წლის სექტემბერში წარადგინა.

SEPA (Single Euro Payment Area) ერთიანი ევრო გადახდის სისტემაა, რომელიც ევროპის მასშტაბით ევროს ელექტრონული გადახდების პროცესის ჰარმონიზებას ახდენს და აუქმებს ტექნიკურ, სამართლებრივ და საბაზრო ბარიერებს წევრი ქვეყნებისთვის. მომხმარებელს საშუალება აქვს ერთი და იმავე პირობებით ელექტრონულად გადაიხადონ ევროში, მიუხედავად იმისა, თუ სად იმყოფებიან - თავიანთ ქვეყანაში თუ მის მიღმა. შესაბამისად, საჭირო აღარ არის SEPA-ს ქვეყნებთან გადარიცხვებისთვის საკორესპონდენტო ბანკის ანუ შუამავლის გამოყენება.

SEPA-ს გეოგრაფიულ არეალში ჩართვისთვის ქვეყანა ევროპული გადახდების საბჭოს რამდენიმე თემატურ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს, მათ შორის აპლიკანტმა უნდა დაამტკიცოს, რომ ქვეყანას, რომელსაც ის წარმოადგენს, ევროკავშირთან მჭიდრო ეკონომიკური და სამართლებრივი ურთიერთობა აქვს.

SEPA დღეს ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოს, ევროპის ეკონომიკური ზონის 3 და ევროპის ეკონომიკური ზონის 6 არაწევრ ქვეყანას აერთიანებს და დღეიდან ამ სისტემის ნაწილია მოლდოვაც, რომელმაც საქართველოზე გაცილებით გვიან 2024 წელს მიმართა საბჭოს გაწევრიანების განაცხადით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები