მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დამსაქმებელთა ასოციაცია შრომის ბაზრის რეგულირების მიმართულებით გატარებულ რეფორმებს აკრიტიკებს

628c02777f3db
ალა ისპირიანი
24.05.22 23:40
586
დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ აბუთიძემ შრომის ბაზრის რეგულირების მიმართულებით გატარებული რეფორმები გააკრიტიკა. როგორც მან „საქმიან დილაში“ განაცხადა, ერთ-ერთი პრობლემატური ჩანაწერი სამუშაო დროის აღწერას ეხება, რომელიც ყველა კომპანიაზე ვრცელდება. ასევე პრობლემაა 48-საათიანი სამუშაო კვირაც. 

"ყველაზე მწვავე პრობლემებს შორის 48-საათიანი სამუშაოა. ეს ბრძანება შარშან გაუქმდა, მაგრამ კიდევ არ არის დამტკიცებული, შესაბამისად კომპანიები გაურკვევლობაში არიან, ზოგი დარჩა იგივე რეჟიმზე, ზოგმა კი 48-საათიანი სამუშაო კვირა გააუქმა.

შემდეგი პრობლემა ეხება მძიმე, მავნე და საშიშ პირობებიანი სამუშაოს ჩამოთვლას - რთულია განსაზღვრა ეს ბრძანება რა ტიპის სამუშაოზე და კომპანიაზე ვრცელდება. ასევე პრობლემაა დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის გაჭიანურებული სასამართლო დავები, რაც 3 წლით და მეტი ხანიც გრძელდება. ამ შემთხვევაში, მაგალითად მინიმალური ხელფასი 1000 ლარამდეც რომ იყოს [თანხის ანაზღაურება დავის დასრულების შემდეგ ხდება], დამსაქმებელი ამას ერთიანად იხდის, რაც საბოლოოდ სოლიდური თანხაა და რთულია მისი გადახდა. ეს პროცესი დასაქმებულისთვისაც ცუდია, რადგან ამ პერიოდში არ მუშაობს და სასამართლო დავის დასრულებას ელოდება.

ასევე სამუშაო დროის აღწერა კვლავ რჩება პრობლემად, რადგან [კომპანია] ვერ იგებს, რატომ უნდა აღწეროს, როცა ის ზეგანაკვეთურ სამუშაოს საერთოდ არ იყენებს. სამუშაო აღწერის მთავარი მიზეზია, რომ ადგილი არ ჰქონდეს დასაქმებულის უფლებების დარღვევას. ამ მიმართულებით საერთაშორისო პრაქტიკას თუ ვნახავთ, ქვეყნები არ იყენებენ სამუშაო დროის აღწერას იმ შემთხვევაში თუ იგი ზეგანაკვეთურ სამუშაოს არ ასრულებს. ჩვენთან ეს კომპანიებს ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ევალებათ.

ამ პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი გეგმაა, რომ ყველა დაინტერესებულ ასოციაციასთან გავმართოთ მოლაპარაკებები და შევიმუშაოთ საკანონმდებლო ინიციატივები განხილულ საკითხებთან დაკავშირებით. ასევე სოციალური პარტნიორების ჩართულობა ძალიან საჭიროა, მათ შორის მთავრობის და პროფკავშირების გაერთიანების და მათთან ერთად უნდა მოხდეს საერთო მოდელზე შეჯერება", - განაცხადა  ნიკოლოზ აბუთიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები