მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დამსაქმებელთა ზოგიერთი კატეგორია დავაჯარიმეთ" - როგორ ასრულებენ კომპანიები საპენსიო შენატანის ვალდებულებას

გიორგი ჭიჭინაძე

საპენსიო სააგენტოში აცხადებენ, რომ ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც დამსაქმებლები საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულებას არაჯეროვნად ასრულებენ.

როგორც სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა BMG-ის განუცხადა, სააგენტომ ამ მიმართულებით მონიტორინგი გასულ წელს დაიწყო და კომპანიების ნაწილი დაჯარიმდა.

საქმე ისაა, რომ შემოსავლების სამსახურიდან საპენსიო სააგენტოს მონიტორინგის ფუნქცია 2024 წლის 1-ელი ივნისიდან გადაეცა. საპენსიო შენატანის დარღვევისთვის ჯარიმა 500 ლარია.

თუმცა გიორგი ჭიჭინაძე არ აკონკრეტებს კომპანიების რაოდენობას, რომლებიც საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობისთვის დაჯარიმდნენ.

„საპენსიო სააგენტოს მონიტორინგის ფუნქცია 2024 წლის 1 ივნისიდან გადმოეცა. რა თქმა უნდა, არიან დასაქმებულები, რომლებსაც აინტერესებთ ინფორმაცია დანაზოგების და შეუსაბამობების შესახებ და განაცხადი წარმოადგინეს სააგენტოში. დამსაქმებელთა ზოგიერთი კატეგორია, რომელიც შევამოწმეთ, დავაჯარიმეთ. როგორც კანონითაა განსაზღვრული, თანხა ბიუჯეტში შევიდა. კომპანიების რაოდენობის დასახელებისგან ამ ეტაპზე თავს შეიკავებ, რადგან ბევრი დეტალია, რომელიც შემოსავლების სამსახურის მონაცემებს უნდა შედარდეს“, - განაცხადა გიორგი ჭიჭინაძემ.

ამასთან, საპენსიო სააგენტოში აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის 1 მაისიდან დაგეგმილი ცვლილებები უზრუნველყოფს, რომ კომპანიების მხრიდან შეუსაბამობები მაქსიმალურად შემცირდეს.

„კანონში განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე, 2025 წლის 1 მაისიდან საპენსიო სააგენტოს და შემოსავლების სამსახურის დეკლარაციის ბაზა ერთიანდება. დეკლარირება შემოსავლების სამსახურში მოხდება და ეს იქნება საპენსიო სააგენტოს ინფორმაციის წყარო. ჩვენი მოლოდინია, რომ ამის შემდეგ ძალიან ნაკლები შესაძლებლობა იქნება, რომ კომპანიების მხრიდან შეუსაბამობების დაფიქსირება არ მოხდეს ან რაიმე ცდომილება იყოს“, - აღნიშნა გიორგი ჭიჭინაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები