მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"დანაკლისი ათეულობით მილიონი ლარია" - საპენსიო ფონდი ურჩ კომპანიებს ამოწმებს

გიორგი ჭიჭინაძე

საპენსიო ფონდის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი ჭიჭინაძის განცხადებით, კომპანიებს სისტემის წინაშე ათეულობით მილიონი ლარის დავალიანება აქვთ დაგროვილი, რასთან მიმართებითაც საპენსიო ფონდი აღსრულების მექანიზმების გაძლიერებას გეგმავს. ამის შესახებ მან გადაცემა “საქმის კურსის” ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი, რომლითაც სააგენტო საკუთარი მონაცემთა ბაზის სისწორის გაუმჯობესებას გეგმავს შემოსავლების სამსახურის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის სისტემაა, რომელზე წვდომაც სააგენტოს მუდმივ რეჟიმში იმაზე დაკვირვების შესაძლებლობას მისცემს თუ რამდენად პირნათლად ასრულებენ კომპანიები მათზე დაკისრებული შენატანების გადახდის ვალდებულებას.

როგორც საპენსიო სააგენტოს უფროსი გიორგი ჭიჭინაძე აღნიშნავს, არსებობს ასეულობით კომპანია, რომლებიც მათი დასაქმებულების სახელზე შენატანებს პირნათლად არ ახორციელებდნენ და შედეგად მათ საპენსიო ფონდის წინაშე ათეულობით მილიონი ლარის გადაუხდელი ვალდებულებები აქვთ.

“ჯამური თანხის ოდენობისგან თავს ვიკავებთ ხოლმე, გამომდინარე იქიდან, რომ ეს კერძო სექტორს ეხება. დანაკლისი ათეულობით მილიონი ლარია, რომლის გასწორებაც კომპანიებმა უკვე დაიწყეს. ჩვენ რამდენიმე ასეული კომპანია უკვე შევამოწმეთ, პროცესი მიმდინარეა და ამ დროს დეკლარირების კორექტირება ხდება. ასევე გვაქვს დაჯარიმებების რამდენიმე შემთხვევა, რომელიც აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადავეცით. კიდევ განვმეორდები, რომ ჩვენ ეს ფუნქცია შარშან 2024 წლის 1 ივნისიდან გადმოგვეცა და აქ ჩვენ, რა თქმა უნდა ვცდილობთ, რომ სისტემებიც და ადმინისტრირების ნაწილიც დავაჩქაროთ და მივაწოდოთ დამსაქმებლებს, რათა მათ მარტივად შეძლონ ამის აღსრულება. შესაბამისად, პროცესი გაშვებულია, კომპანიებიც ინფორმირებულები არიან და ნელ-ნელა ეტაპობრივად ყველა კომპანიას, რა თქმა უნდა, თავისი ვალდებულების შესრულება მოუწევს.

ჩვენი მიზანია, ყველა დამსაქმებელს მივცეთ შესაძლებლობა, რომ დასაქმებულისთვის განახორციელონ შენატანები, რათა არ დაირღვეს სისტემის მონაწილეთა ინტერესები. ბოლო ცვლილებები ემსახურება საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებზე ჩვენი სისტემის ინტეგრაციას. ეს არის, იმისთვის რომ დეკლარირების დროს მყისიერად მოხდეს ჩვენ სისტემაში თანხების აკუმულირება და თანხის ფონდში შეტანა.

მთავარი მიზანია, რომ საპენსიო ფონდის ბენეფიციარმა არც ერთი თეთრი არ დაკარგოს. კომპანიებისთვის დაკისრებული საურავიც ამას ემსახურება. ამასთან, კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, რომელიც უახლოეს დღეში გახდება ცნობილი, საპენსიო სააგენტოს შეიძლება მონიტორინგის მანდატი გაეზარდოს. მონიტორინგის გაფართოება ნიშნავს იმას, რომ დასაქმებულს შეეძლება მოგვწეროს და განაცხადოს პრეტენზია, რომ კომპანია მის საპენსიო შენატანს არ ახორციელებს. ამ შემთხვევაში ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, შემოსავლების სამსახურის დეკლარირების სისტემის გარდა, მივმართოთ კომპანიას და დამსაქმებლისგან მივიღოთ საჭირო ინფორმაცია. მოკვლევის საფუძველზე დავადგენთ დამსაქმებლის ბრალეულობას და შესაბამისად დეკლარაციის ნებისმიერ დროს გავუხსნით”, - განაცხადა გიორგი ჭიჭინაძემ.

საქართველოში მოქმედი დაგროვებითი საპენსიო კანონმდებლობის თანახმად, ყველა დამსაქმებელი ვალდებულია მისი დასაქმებულები ჩართოს დაგროვებით საპენსიო სისტემაში. დასაქმებულთა ხელფასის 2%-ის ტოლი შენატანის კონტრიბუციის ვალდებულება აქვს დამსაქმებელს, ასევე 2% იხდება დასაქმებულის მიერ, ხოლო 2%-ს სახელმწიფო იღებს საშემოსავლო გადასახადიდან და საპენსიო ფონდში მიმართავს. შესაბამისად, მთლიანობაში ხელფასის 6%-ის ოდენობით თანხა ყოველთვიურად უნდა ირიცხებოდეს საპენსიო ფონდში, რასაც ფონდი თავის მხრივ საინვესტიციო ამონაგების სახით სარგებელს არიცხავს.

2025 წლის მაისის მდგომარეობით სისტემაში სულ 1,431,679 მოქალაქე მონაწილეებს, რომელთა ჯამური საპენსიო დანაზოგებიც 6.9 მილიარდ ლარს შეადგენს. ეს ნიშნავს რომ სისტემის ერთი მონაწილის საშუალო საპენსიო დანაზოგი 4853 ლარია. საპენსიო სისტემაში მონაწილეობს 1,431,679 მოქალაქე, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ყოველი მათგანი ყოველთვიურად ახორციელებს საპენსიო შენატანს, ამის მიზეზი ისაა, რომ საქართველოში რეგულარულად, დაქირავებით დასაქმებულია 960,000 ადამიანი, 1,431,679 მოქალაქე კი რომელიც სისტემაში მონაწილეობს არის მონაწილეთა სრული რაოდენობა და მათ გარკვეულ ნაწილს საპენსიო სააგენტოში შეიძლება მხოლოდ რამდენიმე თვის შენატანი უფიქსირდებოდეს, რაც არის იმ თვეების შენატანები, როდესაც ისინი დაქირავებით სამუშაოს ასრულებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები