საქართველოს საპენსიო ფონდმა მოქალაქეებზე, ოქტომბრის მდგომარეობით, ჯამურად 201 მილიონ ლარი გასცა - ამის შესახებ ფონდის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაშია აღნიშნული.
საპენსიო ფონდიდან თანხების მიღება მოქალაქეებს საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ შეუძლიათ, მამაკაცებისთვის ეს 65 წელს, ქალებისთვის კი 60 წელს შეადგენს. საპენსიო ფონდის თანახმად, 2026 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, ფონდს უკვე 38,186 ბენეფიციარი ჰყავს, შესაბამისად ერთმა მონაწილის მიერ მიღებული თანხის მოცულობა 5280 ლარი შეადგინა.
როგორც საპენსიო ფონდის სტატისტიკიდან ირკვევა, ფონდის მიერ მონაწილეებზე თანხების გაცემა ბოლო ერთ წელში მნიშვნელოვნად გააქტიურდა, რაც დაკავშირებულია მონაწილეთა მიერ თანდათანობით საპენსიო ასაკის მიღწევასთან. უფრო დეტალურად - ბოლო ერთ წელიწადში ფონდმა 89 მილიონი ლარი გასცა ბენეფიციარებზე, ბენეფიციართა რიცხვი კი 24,823-დან 38,186-მდე გაიზარდა.
რაც შეეხება მთლიანად ფონდის ზომას, 2026 წლის ოქტომბრის ბოლოსთვის მან 10.2 მილიარდ ლარს გადააჭარბა, რაც 1,594,717 მოქალაქის საპენსიო დანაზოგს წარმოადგენდა. პორტფელის მთლიანი მოცულობიდან 7 მილიარდი ლარი წარმოადგენდა შენატანებს, 3 მილიარდი ლარი კი ამ შენატანებზე დარიცხული სარგებელი იყო.
საქართველოში მოქმედი დაგროვებითი საპენსიო კანონმდებლობის თანახმად, ყველა დამსაქმებელი ვალდებულია მისი დასაქმებულები ჩართოს დაგროვებით საპენსიო სისტემაში. დასაქმებულთა ხელფასის 2%-ის ტოლი შენატანის კონტრიბუციის ვალდებულება აქვს დამსაქმებელს, ასევე 2% იხდება დასაქმებულის მიერ, ხოლო 2%-ს სახელმწიფო იღებს საშემოსავლო გადასახადიდან და საპენსიო ფონდში მიმართავს. შესაბამისად, მთლიანობაში ხელფასის 6%-ის ოდენობით თანხა ყოველთვიურად უნდა ირიცხებოდეს საპენსიო ფონდში, რასაც ფონდი თავის მხრივ საინვესტიციო ამონაგების სახით სარგებელს არიცხავს.
საპენსიო ფონდის დანაზოგები წარმოადგენს ე.წ. მეორე საფეხურის პენსიებს, მათ მოქალაქეები იღებენ საბაზო სახელმწიფო პენსიაზე ზემოდან.
























