ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია დღეს, საჯარო სხდომაზე კომპანიების სატარიფო განაცხადებს განიხილავს.
სემეკის წევრის, გივი სანიკიძის თქმით, არც კომერციულ და არც სამომხმარებლო ნაწილში ტარიფი არ გაიზრდება.
"სემეკის საჯარო სხდომაზე განხილული იქნება ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფები. ტარიფების დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის პროექტს და მიიღებს გადაწყვეტილებას. საბოლოო გადაწყვეტილება კომისიამ უნდა მიიღოს ხმათა უმრავლესობით.
დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, ელექტროენერგიის ტარიფი არ გაიზრდება. ეს ეხება თბილისს და რეგიონებსაც, როგორც კომერციულ, ასევე სამომხმარებლო ნაწილში.
კომისიის აპარატმა დაასრულა შესაბამისი ანალიზი და დღეს, საჯარო სხდომაზე წარვადგენთ საბოლოო ანგარიშს, რომლითაც ზრდა არ არის გათვალისწინებული. აქედან გამომდინარე არის ჩემი ვარაუდი" - განაცხადა გივი სანიკიძემ.
ინფორმაციისთვის, ბუნებრივი გაზის ტარიფი 5 წლით არის დადგენილი და წელს გადახედვა არ მოხდება.