სოფლის განვითარების სააგენტო „დანერგე მომავლის“ პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღებას 10 ნოემბრის 12:00 საათიდან დაიწყებს და პროცესი 2026 წლის 28 თებერვლამდე გაგრძელდება.
"ქართული ოცნების" მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს პროგრამაში ცვლილებები შევიდა. გაზრდილია სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსების მაქსიმალური ოდენობა - 250 ათასი ლარიდან 500 ათას ლარამდე, ხოლო ლურჯი მოცვის შემთხვევაში - 750 ათას ლარამდე.
ცვლილებები შეეხო ასევე სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების თანადაფინანსების კომპონენტს. გაფართოვდა სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჩამონათვალი და გაიზარდა თანადაფინანსების პროცენტი. პროგრამის ახალი რედაქციით, თანადაფინანსება გაიცემა ვაზის, თესლოვანი, კურკოვანი და კენკროვანი კულტურების განკუთვნილი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობის ღირებულების არაუმეტეს 30%-ისა, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში – არაუმეტეს 40%-ისა.
დაფინანსდება ერთი ბენეფიციარის მიერ არაუმეტეს 50 ჰა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობა და ერთ ბენეფიციარზე გამოყოფილი თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა განსაზღვრულია არაუმეტეს 750 ათასი ლარით.
სოფლის განვითარების სააგენტო სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ბაღების კომპონენტში განაცხადებს ელექტრონულად მიიღებს.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული კულტურები რეგიონების მიხედვით ვრცლად ნახეთ ბმულზე.




























