დანიის ხელისუფლება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის შემოღების ინიციატივით გამოდის. ოფიციალურ კოპენჰაგენს სურს, ფინანსური შეზღუდვები არამარტო ნავთობისა და გაზის ექსპორტზე, არამედ კრიპტოვალუტებიდან მიღებულ შემოსავალზეც დაწესდეს. საკითხს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პირველი დიპლომატები კოპენჰაგენში ჩანიშნულ მინისტერიალზე ხვალ, 29 აგვისტოს განიხილავენ.
ცხადია, აღნიშნულ შეხვედრაზე მხოლოდ საკითხის ზოგადად განხილვა იგეგმება, თუმცა თუ ინიციატივამ მხარდაჭერა მოიპოვა, რუსეთისთვის სანქციების ახალი პაკეტი შესაძლოა მომავალ რამდენიმე კვირაში დამტკიცდეს.
ჯერჯერობით, უცნობია, ზუსტად როგორი ფორმით შეეზღუდება რუსეთს კრიპტოვალუტებიდან შემოსავლის მიღება, თუმცა ფაქტი, რომ დანია ამ საკითხს ევროკავშირის მინისტერიალზე აყენებს, აჩენს ლოგიკურ ვარაუდს, რომ ოფიციალური კრემლი და პუტინის გარემოცვა ამ მხრივ დიდძალ მოგებას ნახულობს.




























