დანიელი ამომრჩევლები დღეს, 24 მარტს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში აძლევენ ხმას. არჩევნები პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა დანიშნა, რომელიც გრენლანდიის საკითხზე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შექმნილი კრიზისის ფონზე მესამე ვადით იბრძვის.
უახლესი გამოკითხვების თანახმად, ფრედერიკსენის მემარცხენე კოალიცია მემარჯვენე ბლოკს 9 მანდატით უსწრებს, თუმცა მოსალოდნელია, რომ დანიის 179-ადგილიან პარლამენტში (ფოლკეტინგი) უმრავლესობას ვერცერთი მხარე ვერ მოიპოვებს.
სოციალ-დემოკრატი ფრედერიკსენი, რომელიც პოსტს 2019 წლიდან იკავებს, დადებითად შეაფასეს მისი ლიდერობის გამო - მან პრინციპული პოზიცია დაიკავა ტრამპის არაერთგზის მოთხოვნის მიმართ, რომელმაც დანიის სამეფოს ნახევრად ავტონომიური ტერიტორიის, გრენლანდიის ანექსია მოითხოვა და ეს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებით ახსნა.
მეორე ვადის განმავლობაში ფრედერიკსენის მხარდაჭერა ცხოვრების ხარჯების ზრდის გამო შემცირდა. ეს საკითხი, პენსიებთან და პოტენციურ ქონების გადასახადთან ერთად, წინასაარჩევნო კამპანიის მთავარ თემად იქცა.
ფრედერიკსენი ცნობილია უკრაინის ძლიერი მხარდაჭერით რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში და ასევე - მიგრაციის მიმართ მკაცრი მიდგომით.
დანიის პრემიერის პოსტზე პრეტენზიას ორი მემარჯვენე-ცენტრისტი კანდიდატი აცხადებს. ერთ-ერთი მათგანი ფრედერიკსენის ამჟამინდელ მთავრობაში თავდაცვის მინისტრი ტროელს ლუნდ პოულსენია, ლიბერალური პარტია "ვენსტრედან" (მარცხენა), რომელიც ბოლო წლებში რამდენიმე ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა.
მეორე კანდიდატი ოპოზიციური "ლიბერალური ალიანსის" (LA) 34 წლის ლიდერი ალექს ვანოპსლაგია. მისი პარტია გადასახადების შემცირებას, ბიუროკრატიის შესუსტებას და კოპენჰაგენის მიერ ბირთვული ენერგიის გამოყენებაზე უარის თქმის პოლიტიკის შეცვლას ითხოვს.
უფრო მემარჯვენე ფლანგზე, ანტიიმიგრაციული "დანიის სახალხო პარტია" (DF) 2022 წლის არჩევნებზე ნაჩვენები ძალიან სუსტი შედეგის შემდეგ, პოზიციების გაუმჯობესების კარგ შანსს ფლობს.
ფრედერიკსენის მიმავალი სამ პარტიული ადმინისტრაცია ბოლო ათწლეულების განმავლობაში პირველი იყო, რომელმაც პოლიტიკური ბარიერების გადალახვა მოახერხა. ჯერჯერობით უცნობია, გამეორდება თუ არა ეს შედეგი მიმდინარე არჩევნებზე.
გადამწყვეტი მნიშვნელობა შესაძლოა, დანიის ორი ნახევრად ავტონომიური ტერიტორიის - გრენლანდიისა და ფარერის კუნძულების ოთხ მანდატს ჰქონდეს (თითოეულს ორი ადგილი აქვს).




























