მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დანიის არჩევნებში მეტე ფრედერიკსენმა გაიმარჯვა

მეტე ფრედერისკენი

დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა, 24 მარტის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა, თუმცა მისმა „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ ბოლო საუკუნის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შედეგი - 21.9% აჩვენა.

ხმების 99%-ის დათვლის შემდეგ ირკვევა, რომ ქვეყანას წინ მრავალკვირიანი, შესაძლოა მრავალთვიანი, რთული კოალიციური მოლაპარაკებები ელის. აღსანიშნავია, რომ წინასაარჩევნო კამპანიისას ფრედერიკსენის რეიტინგზე დადებითად გრენლანდიის ანექსიის მცდელობასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებებმა იმოქმედა. პოლიტიკური მიმომხილველების შეფასებით, ამან დანიურ საზოგადოებაში ეროვნული კონსოლიდაცია გამოიწვია. ფრედერიკსენის ტრადიციულმა ოპონენტმა, „ვენსტრეს“ პარტიამ, მხოლოდ 10.1% მოიპოვა, ხოლო მეორე ადგილზე 11.6%-ით „მწვანე მემარცხენეები“ გავიდნენ.

როგორც ირკვევა, კოალიციის ბედი ახლა საგარეო საქმეთა მინისტრის, ლარს ლოკე რასმუსენის ცენტრისტული პარტიის, „მოდერატების“ ხელშია. მან ხმების 7.7% მიიღო. რასმუსენი მოლაპარაკებებში გადამწყვეტ როლს შეასრულებს, რადგან ის პარტია მოახერხებს ხელისუფლებაში მოსვლას, რომელსაც მისი მხარდაჭერა ექნება. აღსანიშნავია, რომ რასმუსენმა უკვე გამოთქვა მზადყოფნა, ბლოკებს შორის ახალი მთავრობის ფორმირებისთვის შუამავლის პოზიცია მოირგოს.

ცნობისთვის, წინასაარჩევნო კამპანია ისეთი მწვავე საკითხების გარშემო მიმდინარეობდა, როგორებიცაა: ქონების გადასახადი, პესტიციდების აკრძალვა, თავდაცვის ხარჯების ზრდა და ბირთვულ ენერგიაზე აკრძალვის გაუქმება. აღსანიშნავია, რომ კამპანია სკანდალის გარეშე არ წარმართულა - „ლიბერალური ალიანსის“ ლიდერმა, ალექს ვანოპსლაგმა, კოკაინის მოხმარება აღიარა, რამაც ამომრჩევლის ნაწილში მისი პრემიერობის კანდიდატურის მიმართ კითხვები გააჩინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები