დანიის თავდაცვის დაზვერვის სამსახურმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმადაც რუსეთმა შესაძლოა უახლოეს თვეებში NATO-ს წევრ სახელმწიფოებზე შეზღუდულ სამხედრო თავდასხმა განახორციელოს.
უწყებამ ალბათობა დაბალ, მაგრამ მზარდ რისკად შეაფასა. დანიური დაზვერვის ცნობით, მოსკოვმა შესაძლოა შორი მოქმედების იარაღით იერიში მიიტანოს იმ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც უკრაინის მხარდაჭერისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
როგორც სამსახურში აცხადებენ, ამით კრემლი უკრაინისთვის ლოგისტიკური პრობლემების შექმნას და ალიანსის წევრებს შორის განხეთქილების შეტანას ცდის. უწყების ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთის მხრიდან ალიანსის წევრ ქვეყანაში სრულმასშტაბიანი შეჭრის პირდაპირი ნიშნები ამ ეტაპზე არ იკვეთება.
დანიური მხარის განმარტებით, მოსკოვმა შესაძლოა სასაზღვრო ზოლში განალაგოს შეზღუდული რაოდენობით ის სამხედროებიც, რომელთაც ამოსაცნობი ნიშნები არ ექნებათ. ანგარიშის თანახმად, მსგავსი ძალების მობილიზებას რამდენიმე თვე დასჭირდება, თუმცა უწყებაში განმარტავენ, რომ ამ პროცესის ფარულად წარმართვა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება. ახალი შეფასებით გამოწვეული საფრთხეები რუსეთის მოსაზღვრე სახელმწიფოებზე, მათ შორის ფინეთზე, ნორვეგიაზე, პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებზე ვრცელდება.
























