მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"დანიის ხელისუფლება პროცედურებს არღვევს" - პაპუაშვილის თქმით, საქართველო არც "კოზაკის ფორმატშია" მიწვეული

პარლა

ე.წ. კოზაკის ფორმატის შეხვედრაზე, რომელიც ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების პარლამენტთა ევროპულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სესიას გულისხმობს, წელს საქართველო მიწვეული არ არის - ამის შესახებ "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ შესაბამისი წერილი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, დანიის პარლამენტისგან მიიღო. პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ აღნიშნულ წერილსა და პასუხს, რომელშიც იგი დანიას კოზაკის ფორმატის წესდების დარღვევაზე მიუთითებს, დღესვე გაასაჯაროებს.

"ჩვენ დანიის პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტიდან მივიღეთ წერილი, რომ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელი არ იქნება მიწვეული ე.წ. კოზაკის ფორმატზე დანიაში, იგივე ["ოცნების" მიერ ევროინტეგრაციის 2028 წლამდე შეჩერების გამო] დასაბუთებით. მე დღეს გავასაჯაროებ იმ წერილსაც და ჩემს პასუხსაც. მივწერე დანიის პარლამენტის თავმჯდომარეს, კიდევ ერთხელ მოვახსენე, რომ, რა თქმა უნდა, ეს არის დეზინფორმაცია, თითქოს საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ევროინტეგრაცია და მეორეც, ეს არის კოზაკის წესების დარღვევა. მივუთითე პირდაპირ წესდების მუხლები, რომლებიც უფლებას აძლევენ კანდიდატ ქვეყნებს, მონაწილეობა მიიღონ ამგვარ ფორმატებში და, არანაირი უფლება არ აქვს მიცემული არავის, რომ შეზღუდოს ეს მონაწილეობა. ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ დანიის ხელისუფლება არღვევს პროცედურებს და ნორმებს, რომლებიც შეთანხმებულია. რაც არის წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის დარღვევა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც დანიამ საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე არ მიიწვია. როგორც დანიის ხელისუფლებამ "ინტერპრესნიუსთან" დაადასტურა, ამის მიზეზი "ქართული ოცნების" მიერ გასული წლის 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადებაა, რომლის თანახმადაც საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურები 2028 წლამდე ცალმხრივად შეაჩერა.

პაპუაშვილი აცხადებს, რომ ევროინტეგრაცია არ შეჩერებულა და დანიის ხელისუფლება დეზინფორმაციას ავრცელებს.

"რა თქმა უნდა, როდესაც დანიის მთავრობა ავრცელებს დეზინფორმაციას, ეს ძალიან შემაშფოთებელია. ვფიქრობთ, რომ როცა ევროკავშირის შიგნით წევრი ქვეყნები დეზინფორმაციას ავრცელებენ სხვა ქვეყნის მიმართ, ეს ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფუძემდებელ პრინციპებს და ზოგადად, პოლიტიკის კეთილსინდისიერი წარმოების პრინციპებს.

დანიის ელჩი და საელჩო, ნაცვლად იმისა, რომ არ იყვნენ დაკავებული მოძალადეების გულშემატკივრობით და სასამართლოებზე სიარულით და დაკავებული იყვნენ თავისი ძირითადი ფუნქციით, რასაც ჰქვია ქვეყნის წარმომადგენლობა, წესით ახლა უნდა განმარტავდნენ, რატომ ავრცელებს დანიის ხელისუფლება დეზინფორმაციას საქართველოსთან დაკავშირებით. კერძოდ, არანაირი ევროპული ინტეგრაციის შეჩერება არასდროს არ მომხდარა, მით უმეტეს 28 ნოემბერს, როგორც ისინი ციტირებენ. ამიტომ გულდასაწყვეტია, რომ დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან გვესმის ტყუილი საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გასული წლის 28 ნოემბერს "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს 2028 წლამდე დღის წესრიგში აღარ დააყენებდა.

"დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი" - განაცხადა მან.

ეს განცხადება ევროპარლამენტში იმ რეზოლუციის მიღებას მოჰყვა, რომლითაც 444-მა ევროდეპუტატმა არ აღიარა 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები და "ქართული ოცნების" ლიდერების, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება მოითხოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები