დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა 24 მარტს ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.
კენჭისყრა მიმდინარე წლის ოქტომბრისთვის უნდა ჩატარებულიყო, თუმცა როგორც ჩანს, მმართველი "სოციალ-დემოკრატიული პარტიის" რეიტინგის მკვეთრმა ზრდამ ხელისუფლებას არსებული მომენტით სარგებლობის სურვილი გაუჩინა.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ეს ტაქტიკა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, სანაე ტაკაიჩიმაც გამოიყენა და ვადამდელი არჩევნების შედეგებით პარტიას ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი მოუტანა.
ცნობისთვის, ფრედერისკენის მთავრობისადმი საზოგადოების პოლიტიკური მხარდაჭერის მატება პირდაპირაა დაკავშირებული აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გრენლანდიის ანექსიის მუქარასთან და იმ მკაცრ პასუხთან, რომელიც კოპენჰაგენმა ვაშინგტონს დაუბრუნა. მოსახლეობა დადებითად აფასებს ფაქტს, რომ ხელისუფლებამ სუვერენიტეტი დაიცვა და დანიის სამეფოს შემადგენლობაში შემავალი კუნძულის ამერიკული მხარისთვის გადაცემაზე კატეგორიული უარი განაცხადა.
თავის მხრივ, მზადება დაიწყეს მემარჯვენე ოპოზიციურმა ძალებმაც, მათ შორის "ლიბერალურმა ალიანსმა” და "კონსერვატიულმა სახალხო პარტიამ”, რომლებმაც დააანონსეს, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე ალტერნატიულ კანდიდატების რამდენიმე დღეში წარადგენენ. სავარაუდოა, რომ გრენლანდიის საკითხის მიღმა წინასაარჩევნოდ განხილვის თემა იქნება მზარდი საბინაო კრიზისი და სოციალური პრობლემები, რომლებმაც ბოლო თვეებში ფრედერიკსენის მთავრობის მიმართ მოსახლეობის განწყობები მკვეთრად გააუარესა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ თუ ოპოზიცია საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით მოქმედი ხელისუფლების ხაზის გატარებას დააანონსებს, შიდა პოლიტიკურ სივრცეში კი აქცენტს სწორედ არსებულ კრიზისზე გაამახვილებს, ეს მას მოგებისა და მთავრობის შეცვლის შანსებს გაუზრდის.




























