მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს დანიელ ბიზნესმენთა დელეგაციასთან ერთად ეწვია

6460f2fbd8219
ვიქტორია მღებრიშვილი
14.05.23 18:38
612
2023 წლის 14 მაისს, საქართველოს დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუსენი ეწვია. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ლარს ლოკე რასმუსენს თან ახლავს დანიელ ბიზნესმენთა დელეგაცია. დანიის პირველი დიპლომატი მთავრობის მეთაურთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან შეხვედრებს გამართავს.

„ვიზიტის ფარგლებში, დანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უმასპინძლებს. გაიმართება შეხვედრა როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში.

დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ლარს ლოკე რასმუსენს თან ახლავს დანიელ ბიზნესმენთა დელეგაცია, გაიმართება მინისტრის და დელეგაციის შეხვედრა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ლევან დავითაშვილთან.

ვიზიტის ფარგლებში დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად, ოფიციალურად გახსნის საქართველოში დანიის საელჩოს.

ამასთან, ლარს ლოკე რასმუსენი საოკუპაციო ხაზს ეწვევა და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დანიის პირველი დიპლომატის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა,რომელშიც მონაწილეობა მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ ჯანჯალიამ და დანიაში საქართველოს ელჩმა,ნატა მენაბდემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები