სურსათის ეროვნული სააგენტომ 1300-მდე საფუტკრე მეურნეობა დაარეგისტრირა, რომლებიც 53 ათასზე მეტ სკას მოიცავს. ამის შესახებ სააგენტო იტყობინება.
საფუტკრე მეურნეობებს რეგისტრაციით, მეფუტკრეს შესაძლებლობა ეძლევა, ისარგებლოს სახელმწიფო პროგრამებით, მიიღოს მონაწილეობა საგრანტო კონკურსებში, ისარგებლოს იაფი აგროსესხით, სადაზღვევო პაკეტებით. ამასთან, შეძლოს ფუტკრისა და მისგან ნაწარმოები პროდუქციის სერტიფიცირება და ექსპორტი.
„იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის განხორციელების უმთავრესი მიზანი წარმოებული პროდუქციის მიკვლევადობის შესაძლებლობაა. რაც შეეხება საფუტკრე მეურნეობების რეგისტრაციას, 2023 წლის პირველი იანვრიდანაა სავალდებულო, რაც ხელს უწყობს მეფუტკრეების მიერ წარმოებული პროდუქციის მიკვლევადობას, შესაბამისად, კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდას“, - განაცხადა ვეტერინარიის დეპარტამენტის ცხოველთა რეგისტრაციისა და იდენტიფიკაციის სამმართველოს უფროსმა გიორგი ჯალაღონიამ.
საფუტკრე მეურნეობების რეგისტრაციას სურსათის ეროვნული სააგენტო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ცხოველთა რეგისტრაციის ეროვნული სისტემის (NAITS) პროექტის მხარდაჭერით ახორციელებს.
საფუტკრე მეურნეობებმა რეგისტრაციისთვის სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულ ან მუნიციპალურ ოფისებს უნდა მიმართონ. რეგისტრაცია უფასოა.




























