2025 წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რძისა და რძის მწარმოებელ კომპანიებსა და სარეალიზაციო ობიექტებში 4786 სახელმწიფო კონტროლი განახორციელა, დარღვევების მაჩვენებელმა, აპრილის მონაცემებით, 3.3% შეადგინა. ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა რძის მწარმოებელ ბიზნესოპერატორებთან და ასოციაციების წარმომადგენლთან სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა.
სეს-ის თანახმად, რძის მწარმოებელ კომპანიებს ინტენსიურად, წელიწადში საშუალოდ 10-ჯერ ამოწმებენ. კონტროლი „ფერმიდან სუფრამდე” პრინციპის დაცვით მოიცავს წარმოების სრულ ჯაჭვს, ასევე ლაბორატორიულ კვლევას სხვადასხვა მაჩვენებელზე.
გასულ, 2024 წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 17 ათასი სახელმწიფო კონტროლი განახორციელა, დარღვევების მაჩვენებელმა კი 3.2% შეადგინა.
სააგენტოს ცნობითვე, მათ შორის, “სანტე ჯი ემ თი პროდუქტებში“ 2024 წელს განხორციელდა 20 სახელმწიფო კონტროლი, დარღვევა არ გამოვლინდა.
სეს-ის ინფორმაციით, აქტიურად მიმდინარეობს ნედლი რძის კვლევა სხვადასხვა მაჩვენებელზე, კერძოდ:
- ვეტერინარული პრეპარატებისა და სხვა დამაბინძურებლების ნარჩენი ნივთიერებების გამოსაკვლევად მიმდინარე წელს აღებული იქნება 300 ნიმუში;
- რძესა და რძის ნაწარმში ცხიმის სისუფთავის განსაზღვრისათვის - 300 ნიმუში;
- ბრუცელოზზე გამოსაკვლევად - 200 ნიმუში;
- ყველში სტაფილოკოკური ენტეროტოქსინის გამოსავლენად - 50 ნიმუში;
- ყველში კუაგულაზა დადებითი სტაფილოკოკუს აურეუსის კვლევისთვის - 50 ნიმუში.
- სასმელ რძეში აფლატოქსინ M1-ის კვლევისთვის - 100 ნიმუში.
- რძესა და რძის პროდუქტებში (მათ შორის, ბავშვთა კვება) ტყვიის შემცველობის განსასაზღვრისათვის - 20 ნიმუში;
- სალმონელასა და ლისტერიას გამოსავლენად - 165 ნიმუში.
„რადიო თავისუფლების“ მიერ 31 მარტს გამოქვეყნებული საგამოძიებო სტატიით გაირკვა, რომ რძის მწარმოებელი კომპანია „ყვარლის ბაგა“, რომელსაც ათასობით ძროხა ჰყავს, საქონლის გამოსაკვებად ქათმის სკინტლს იყენებდა. სასამართლოს მასალების მიხედვით, ერთი ძროხა დღეში დაახლოებით 6-7 კილო ქათმის ნაკელს ჭამდა. „ყვარლის ბაგის“ რძეს ყიდულობენ „სანტე“, „სოფლის ნობათი“, „აგროჰაბი“ და „ყვარლის ბაგის“ შვილობილი „რძის ლაბორატორია“.
ძროხების ქათმის ნაკელით გამოკვებაზე „რადიო თავისუფლებისთვის“ ცნობილი არ გახდებოდა, რომ არა „ყვარლის ბაგის“ მიერ „ჩირინას“ („ბიუ-ბიუს“) წინააღმდეგ დაწყებული სასამართლო დავა - რძის მწარმოებელი კომპანია სკინტლის გამყიდველს 2018-19 წლებში 200-მდე ძროხის დახოცვაში ადანაშაულებდა - ამტკიცებდა, რომ ნაყიდ ნაკელში ანტიბიოტიკი აღმოჩნდა.
ამის შემდეგ 3 აპრილს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა, რომ 28 მარტს ლაბორატორიული კვლევის შედეგად „სოფლის ნობათიდან“ ამოღებულ ხუთ ნიმუშში აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა.
აფლატოქსინი წარმოიქმნება ობის სოკოებისაგან. აფლატოქსინ B1-ით დაბინძურებული საკვები ხვდება ცხოველის ორგანიზმში, საიდანაც გადადის რძეში და გარდაიქმნება M1 აფლატოქსინად, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. სეს-ის ცნობით, ხაზის ყველა პროდუქტი დახლებიდან ამოიღეს.