მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დარგი ხელოვნურ სუნთქვაზეა, გასაპროტესტებელი 1.50 ლარია და არა 30 თეთრი - მევენახე

რთველი სუბსიდირება

მევენახეების ნაწილი ამბობს, რომ ფერმერისთვის მიუღებელია არამხოლოდ დაბალი კონდიციის ყურძნის ჩასაბარებელი ფასი, რაც 30 თეთრიდან 50 თეთრამდე გაზარდა მთავრობამ, არამედ მაქსიმალური ფასიც. მაქსიმალური ფასი კი წლევანდელ რთველზე 1.50 ლარია, რასაც სახელმწიფო ფერმერს საფერავის შემთხვევაში 20% და მეტი შაქრიანობის ყურძენში უხდის.

“მთავრობის განკარგულებით, საფერავის შემთხვევაში ფასი ყველაზე მაღალია. ეგ არის რეალურად გასაპროტესტებელი და არა 30 თეთრი, მაგრამ სამწუხარო რეალობაში ვართ. 30 თეთრი შეგვიცვალეს 50 თეთრით და რაღაცნაირად ხალხის გარკვეული ნაწილი ამით კმაყოფილია, მაგრამ სინამდვილეში წარმოუდგენელი ფასებია. ვაპროტესტებთ 30 თეთრს და არა 1,50 ლარს, რომელიც მართლა გასაპროტესტებელია.

საფერავის ჯიშის ვენახი დაახლოებით 6 წლის წინ გავაშენე. მაგ პერიოდში იყო 3,50 ლარი ადგილწარმოშობის საფერავის ჯიშის ყურძნის ფასი. საკმაოდ დიდი კამპანია ჰქონდა მთავრობას იმ ხანებში, რომ ვენახი გაშენებულიყო.

ერთ-ერთ საინფორმაციო შეხვედრაზე დავუსვით სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელს შეკითხვა, რომ: “ჩვენ ვხედავთ ახლა, რომ დიდი ფართობები შენდება და ხომ არ დავდგებით მოთხოვნა-მიწოდების პრობლემის წინაშე?" საკმაოდ ოპტიმისტური პასუხი მივიღეთ, რომ: "თუკი რამე სხვა მრავალწლიანი ნარგავები გვაქვს, ყველაფერი რომ გავჩეხოთ და მის ადგილას ვენახი გავაშენოთ, მაინც არ იქნება მიწოდება-მოთხოვნის პრობლემაო და მოთხოვნა ყოველთვის დიდი იქნებაო". აი, ასეთ პირობებში, ასეთ დროს, ასეთი იმედით გავაშენეთ ჩვენ ვენახი მაშინ. მაგრამ დღეს გვაქვს მაქსიმალური ფასი 1.50 ლარი, ხვდებით?!

კერძო კომპანიები დამატებით იხდიან მაქსიმუმ 10 თეთრს. მე, მაგალითად, საფერავში, კონდიციურში, "ბადაგონმა" გადამიხადა 1.60 ლარი. ქინძმარაულის ადგილწარმოშობის გარდა, არცერთ ყურძენზე მე ფასნამატი არ მინახავს.

ნორმალურ სახელმწიფოში, სადაც ეკონომიკა მეტ-ნაკლებად ნორმალურად მუშაობს, სახელმწიფო საერთოდ არ უნდა ასუბსიდირებდეს სოფლის მეურნეობის არცერთ დარგს. ხელოვნურ სუნთქვაზეა ჩვენი დარგი. სულ დოტაციაზეა”,- აცხადებს მევენახე აკაკი კეკენაძე BMG-სთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები