დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. როგორც „მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, ბიძინა ივანიშვილის შემდეგ დარგობრივ ბიზნესებს არცერთი პრემიერი არ შეხვედრია.
„თხოვნა მაქვს მთავრობასთან, რომ გულთან ახლოს მიიტანონ არა მარტო მეფრინველეობის, არამედ ქართული წარმოების ტკივილი და ხელს თუ არ შეგვიწყობენ, იმ დონემდე მაინც დაგვეხმარონ, რომ ევროპული ქვეყნის კანონმდებლობამდე მივიდეთ, სადაც იწარმოება და იყიდება ადგილობრივი პროდუქცია. მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში შემოდის სხვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სექტორისთვის.
სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრა პრობლემა არ არის, უბრალოდ ეს ის საკითხია, რომელსაც სოფლის მეურნეობის მინისტრი ვერ წყვეტს, მის კომპეტენციას სცდება. აქ მთავარია შეხვედრა პრემიერთან და ეს შეხვედრა მხოლოდ ერთხელ გვქონდა, როცა ბიძინა ივანიშვილი იყო პრემიერი. იმის შემდეგ ყველა პრემიერთან გვქონდა მცდელობა, მაგრამ ანონსდება, რომ პრემიერი ხვდება ბიზნესს და ეს შეხვედრა სრულდება მხოლოდ ბიზნესს ასოციაციასთან შეხვედრით. კობახიძისთვის ჯერ არ მიგვიმართავს, მაგრამ აქამდე დარგობრივ ასოციაციებთან შეხვედრაზე ვერცერთი პრემიერი ვერ დავიყოლიეთ“, - განაცხადა უჩუმბეგაშვილმა.