ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ „შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს" (SDC) მიერ დაფინანსებული რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების პროექტის(RSMEDP) ხელშეწყობით, მენტორინგის პროგრამა განახორციელა.
RSMEDP პროექტი შვეიცარიის თანამშრომლობის, 2022-2025 წლების სამხრეთ კავკასიის რეგიონის პროგრამის შესაბამისად მიზნად საქართველოს რეგიონებში დასაქმებისა და შემოსავლების გაზრდას ისახავს.
პროგრამაში ასოციაციის წევრი 12 კომპანიის დირექტორი და ტოპმენეჯმენტის წარმომადგენელი მენტორის სტატუსით ჩაერთო, რომლებიც პროგრამაში მონაწილე სამშენებლო მასალების მწარმოებელ კომპანიებს განვითარებაში, მათი პრობლემების იდენტიფიკაციის, გამოწვევების დაძლევის გზების მოძიებასა და განვითარების გეგმის დასახვაში ეხმარებიან.
პროგრამის ფარგლებში, ასოციაციამ მწარმოებელ კომპანიებს ბიზნესის მხარდამჭერი სერვისების 80%-იანი დაფინანსება მიაწოდა. მათ, ასევე, სრულად დაუფინანსდათ ტრენინგები სხვადასხვა მიმართულებით.
როგორც მენტორი კომპანიების წარმომადგენლებმა BMGTALKS-ში სტუმრობისას განაცხადეს, თითქმის ყველა მათგანი პროექტს სკეპტიკურად უყურებდა, თუმცა ბენეფიციარების ჩართულობა საკმაოდ მაღალი იყო.
ნინო ჭანტურია - "ინსი", შესყიდვებისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსი: „თავიდან მცირე მეწარმეების მხრიდან პროექტით დიდი დაინტერესება არ იყო და ვთქვი, რომ ჩართულობის მხრივ ოპტიმისტურად არ ვიყავი განწყობილი. კიდევაც ვთქვი, რომ ვერ გამოვიდოდა. წარმოუდგენელი შრომა გასწია „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ“ და შედეგად, პირველ შეხვედრაზე უამრავი კომპანია ვნახეთ. სასიამოვნოდ გაოცებული ვიყავი. არ მეგონა, რომ მერე ბოლომდე გამოგვყვებოდნენ, თუმცა აქაც არ აღმოვჩნდი მართალი. კომპანიები ელოდებოდნენ შემდეგ შეხვედრებს, როგორ, როდის იქნებოდა ტრენინგი. ჩვენც გადაგვამზადეს როგორც მენტორები“.
ლაშა ჭოჭუა - "სამშენებლო ლაბორატორია", დირექტორი: „აღმოჩნდა, რომ ბევრად უფრო მსხვილი პრობლემებია დარგში, ვიდრე ჩვენ გვეგონა. მაგალითად მოვიყვან იმას, რომ ადამიანები აწარმოებენ პროდუქციას, ყიდიან, თუმცა თვითონ არ იციან კარგად, როგორ გაყიდონ, არ იციან, ვის მიყიდონ. როცა გაყიდვების ბაზარი არის, ვთქვათ სად უნდა გაყიდო და რა უნდა გაყიდო. იწყება ძალიან ბევრი პრობლემები და მერე ამას ყველა ყველაფერს აბრალებენ: ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობას, მთავრობას და ასე შემდეგ. და როცა ვიწყებთ უკვე ჩვენ თავში ამ ყველაფრის პრობლემების ძიებას, ხო მერე უფრო კარგად ჩანს, რა არის მთავრობის ბრალი და რა - ბიზნესის ბრალი. ზოგადად, საქართველოში, ბიზნესს, ვინც ვართ და ვშრომობთ ამ მიმართულებით, რომელსაც მშენებლობა ქვია, ჩვენ ისე განათლება მაინც პრაქტიკის კუთხით უფრო გვაქვს. სამშენებლო ბიზნესში არ არსებობს 1989 წლის მერე დაწერილი რაიმე ფორმატი, რომელი ფორმატითაც ჩვენ რაღაც შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ. ძალიან დიდი მუშაობა დაგვჭირდა ამ ტრენინგების დროსაც, რომ აგვეხსნა, დაფინანსება არ ნიშნავს, მხოლოდ უფასო ფულს. თუმცა ძალიან ბევრი შრომა იქნა გაწეული“.