მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მენტორინგის პროგრამა - გამოწვევები და განვითარება

მონიტორინგი

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ მენტორინგის პროგრამა განახორციელა. აღნიშნული, „შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ დაფინანსებული რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების პროექტის (RSMEDP) ხელშეწყობით მოხდა. RSMEDP პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში დასაქმებისა და შემოსავლების გაზრდას, შვეიცარიის თანამშრომლობის, 2022-2025 წლების სამხრეთ კავკასიის რეგიონის პროგრამის შესაბამისად. პროგრამაში ასოციაციის წევრი 12 კომპანიის დირექტორი და ტოპმენეჯმენტის წარმომადგენელი მენტორის სტატუსით ჩაერთო, რომლებიც პროგრამაში მონაწილე სამშენებლო მასალების მწარმოებელ კომპანიებს ეხმარებიან განვითარებაში მათი პრობლემების იდენტიფიკაციის, გამოწვევების დაძლევის გზების მოძიებასა და განვითარების გეგმის დასახვაში. პროგრამის ფარგლებში, ასოციაციამ მწარმოებელ კომპანიებს ბიზნესის მხარდამჭერი სერვისების 80%-იანი დაფინანსება მიაწოდა. მათ, ასევე, სრულად დაუფინანსდათ ტრენინგები სხვადასხვა მიმართულებით.

პროექტის პროცესში წამოჭრილ პრობლემებზე და აქამდე მიღწეულ შედეგებზე, გადაცემა #BMGTALKS-ში პროგრამის მენტორებმა ისაუბრეს.

"ინსის", შესყიდვებისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსის ნინო ჭანტურიას თქმით, იგი ჩართული იყო მცირე მეწარმეების მოძიების პროცესში, რომლებიც რეგიონებიდან უნდა ყოფილიყვნენ. ჭანტურია არ მალავს, რომ პროექტის მიმართ თავიდან ოპტიმისტურად განწყობილი არ იყო, რადგან მეწარმეებში დიდი დაინტერესება ვერ დაინახა: „პირველ შეხვედრაზე ამდენი კომპანია რომ ვნახე მოსული სასიამოვნოდ გაოცებული ვიყავი. მშენებელთა ასოციაციამ გასწია ძალიან დიდი შრომა, რომ ეს კომპანიები დააინტერესა და მოვიდნენ", - განაცხადა მან.

პროექტის დასაწყისში, საკუთარ და მოსული მეწარმეების სკეპტიციზმზე საუბრობს "არ სი ქონსთრაქშენის" დირექტორი ვაჟა ფანჩულიძეც, რომელმაც თქვა, რომ რამდენიმე შეხვედრის შემდეგ, პროექტის მიმართ თვითონ მეწარმეების მიდგომაც შეიცვალა: „ეს ხალხი, მსჯელობაში მიხვდა, რომ ჩვენი გზა, მანამ დიდ კომპანიებამდე მივიდოდით იგივე იყო და ერთი ან ორი ადამიანი ვიყავით თავიდან და ასე დავიწყეთ. მათ ეს დაინახეს და ნდობა გაუჩნდათ, რომ თვითონაც შეეძლოთ აქამდე მოსვლა, მაგრამ ამისთვის შრომა იყო საჭირო“, - თქვა მან.

"სამშენებლო ლაბორატორიის" დირექტორის ლაშა ჭოჭუას თქმით, შემდეგ უკვე მაგალითებით საუბრები მიმდინარეობდა, რომ გარკვეული დანახარჯის გაწევაა საჭირო რომ კომპანია/სტარტაპი გაიზარდოს:“ მათ გაიგეს, რომ აუცილებლად თანამშრომლის აყვანაა საჭირო, მაგალითად მძღოლის, რომ ეს საქმე შენ არ გააკეთო და შენი დრო შეხვედრებისთვის, პროცესზე დაკვირვებითვის გამოათავისუფლო".

პროექტის მსვლელობის პროცესში, რა თქმა უნდა გამოიკვეთა პრობლემებიც, რაზეც "სამშენებლო ლაბორატორიის", დირექტორმა, თქვა, რომ პროექტმა ბევრად უფრო მსხვილი პრობლემები გამოაჩინა, ვიდრე მოლოდინი ჰქონდათ: „მაგალითად, გამოწვევა იყო, რომ ადამიანი აწარმოებს/პროდუქციას, რომელსაც თვითონაც არ იცის, როგორ გაყიდოს/ვის მიყიდოს. როცა გაყიდვების ბაზარი არ იცი, რა და სად უნდა გაყიდო, აქედან ბევრი პრობლემა იწყება და ამას მერე აბრალებენ ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობას, მთავრობას და ა.შ. როცა ამ პრობლემების ჩვენ თავში ძიებას ვიწყებთ მერე უფრო კარგად ჩანს რა არის მთავრობის და რა ბიზნესის ბრალი“, - განაცხადა მან.

აღნიშნული პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა, "სელფორდის" დირექტორმა ნიკა ვადაჭკორიამაც, რომელმაც თქვა, რომ პროექტის მსვლელობის/მუშაობის პროცესმა გამოავლინა, რომ ქვეყანას დიდი წარმოების რესურსი და პოტენციალი აქვს.

„ჩვენი კომპანია მიმწოდებელია და იმთავითვე საინტერესო იყო ასეთი ტიპის პროექტში მონაწილეობის მიღება, რადგან ძირითადად იმპორტზე ვართ ორიენტირებულები და სამშენებლო კომპანიებთან ვთანამშრომლობთ. ასევე ადგილობრივი წარმოების რესურსები გვაინტერესებდა, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ ადგილობრივ წარმოებას გარკვეული სახის პრობლემები აქვთ, რაც მაგალითად იმას გულისხმობს, რომ მიწოდების ჯაჭვი არ არის იმდენად მოწესრიგებული, რამდენადაც უნდა იყოს, მაინც სკეპტიკურად ვიყავით განწყობილი, მაგრამ საბოლოოდ ამ პროცესებმა და სპეციალისტების ჩართულობამ ცხადყო, რომ ქვეყანას დიდი წარმოების რესურსი/პოტენციალი აქვს. იმ სტარტაპებს კი რომლებიც იქ იყვნენ წარმოდგენილი გულწრფელად უნდათ თავიანთი წარმოების განვითარება“, - თქვა მან.

"სამშენებლო ლაბორატორიის", დირექტორმა, ლაშა ჭოჭუიამ განაცხადა, რომ პროექტი ფორმალურად დასრულდა, მაგრამ მათი ურთიერთობა მწარმოებლებთან ისევ გრძელდება: “მათ მიმართ ისე ვარ, შვილობილი კომპანია ფეხს, რომ იდგამს და გინდა სწორ გზაზე დადგეს, რადგან ამ ყველაფრიდან პოტენციალს ხედავ. ეს პოტენციალი ჩვენც დავინახეთ და მათ მივყვებით“.

"ინსის", შესყიდვებისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსის ნინო ჭანტურიას მოსაზრებით, აღნიშნული პროექტები ადგილობრივ წარმოებას განავითარებს და იმპორტზე დამოკიდებულებას შეამცირებს.

„ჩვენ მშენებლები ვართ და ჩვენი წვლილი შეგვაქვს ქვეყნის მშენებლობაში. როდესაც ვყიდულობ რაღაცა მასალას ხელი მიკანკალებს, როცა გადარიცხვას თურქეთში ან რომელიმე სხვა ქვეყანაში ვაკეთებ, იმის გამო რომ თანხა ჩემი ქვეყნიდან მიდის - სულ ვეძებ პირველ რიგში ადგილზე რა მაქვს ქართული, რომ პრიორიტეტი ის იყოს, რომ თანხა ჩემ ქვეყანას მოვახმარო. ვფიქრობ, ასეთი პროექტები ამას ხელს უწყობს“, - განაცხადა ნინო ჭანტურიამ.

"ელემენტ ჰოლდინგის", დირექტორი ზაქრო ებელაშვილი პროგნოზირებს, რომ შეიძლება ამ პროექტით რამდენიმე კარგ კომპანიას ჩაეყარა საფუძველი, რომლებიც 2-3 წელიწადში მათი კომპანიის ხელა იქნება და ქვეყნის ეკონომიკას წინ წასწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები