სამშენებლო სექტორმა მეზობელი ქვეყნებიდან საქართველოში შექმნილი კადრების დეფიციტის დასაბალანსებლად მუშახელის შემოყვანა დაიწყო. ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მიმდინარე პროექტების ზრდის და ემიგრაციის ფონზე საჭირო რაოდენობისა და კვალიფიკაციის კადრების მოძიება სულ უფრო რთულდება.
კომპანია “სამშენებლო ლაბორატორიის” დირექტორის, ლაშა ჭოჭუას თქმით, სამშენებლო ობიექტებზე მომუშავეების 20-40% საქართველოს მოქალაქე არ არის. ბიზნესის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების მასშტაბების ზრდიდან გამომდინარე, უცხოელი მუშახელის წილის ზრდა გარდაუვალი იყო.
“კადრების დეფიციტი მუშახელის გადინებამ გამოიწვია. ეს არ არის გამოწვეული ანაზღაურებიდან გამომდინარე. ჩვენ კვლევა გავაკეთეთ, რა ტიპის ანაზღაურებაა იმ ევროპულ ქვეყნებში, სადაც ჩვენი სექტორის მუშახელი მიემგზავრება. მივხვდით, რომ ეს მხოლოდ ანაზღაურების თემა არ არის, ეს უფრო სტაბილურობის თემაა. ისინი იწყებენ სამსახურს და არა საქმეს, ანუ სადაც დასაქმდებიან, იციან, რომ მათ მუდმივად ექნებათ სამსახური.
რაც შეეხება კადრების დეფიციტს, ამ ეტაპისთვის ვცდილობთ, რომ ეს პრობლემა პროექტების შენელებით დავარეგულიროთ და არა იმით, რომ კადრები უცხოეთიდან შემოვიყვანოთ. ახლო მეზობელი ქვეყნებიდან ადამიანური რესურსის საკმაოდ დიდი შემოდინებაა, ეს მხოლოდ ჩვენს სფეროში არ ხდება, მაგრამ ჩვენთან განსაკუთრებულად იგრძნობა. ობიექტზე რომ მიხვიდეთ, ნახავთ, რომ დასაქმებულთა დაახლოებით 20-40% უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან", - ამბობს “სამშენებლო ლაბორატორიის” დირექტორი ლაშა ჭოჭუა.