ფეროშენადნობთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ მიუხედავად ბოლო თვეების განმავლობაში პროდუქციის ექსპორტის გააქტიურებისა, დარგში კრიზისი კვლავ გრძელდება.
როგორც ასოციაციის ხელმძღვანელმა, “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, გლობალურად ფასების ზრდის ფონზე, ფეროშენადნობების მწარმოებელი კომპანიების ნაწილმა მუშაობა განაახლა, თუმცა საწარმოების უმეტესობა კვლავ გაჩერებულია.
ნუგზარ კევლიშვილის თქმით, იმისთვის, რომ საწარმოებმა სრულყოფილად განაახლონ მუშაობა, აუცილებელია, ფეროსილიკონზე ფასები კიდევ დაახლოებით 10%-ით გაიზარდოს.
მისივე განმარტებით, ბოლო პერიოდში გლობალურად ფასების ზრდა ისეთმა ფაქტორებმა განაპირობა, როგორიცაა წითელი ზღვის კრიზისი და მანგანუმის მოპოვების შემცირება.
„ფასების ზრდა წითელ ზღვაში კრიზისმა გამოიწვია, ამას დაემატა ასევე ავსტრალიასა და სამხრეთ აფრიკაში მანგანუმის მოპოვების შემცირება. ამ ორმა ფაქტორმა ჩინეთში მანგანუმის მადნის და ფეროსილიკონმანგანუმის დეფიციტი გამოიწვია. ამიტომ ჩვენმა ინდოელმა კონკურენტებმა პროდუქციის მთელი მოცულობები ჩინეთში გაიტანეს. ამან ევროპასა და თურქეთში ბაზარი შედარებით გამოათავისუფლა და ეს ნიშა ქართველმა მეწარმეებმა დაიკავეს.
დადებითი ფაქტორი ისაა, რომ ზაფხულში ელექტროენერგიის ფასი დაბალია და ამან მცირე საწარმოებს მისცა საშუალება, ოპერირება განეახლებინათ. თუკი გასულ პერიოდში 3-4 საწარმო იყო ჩართული, ახლა დაახლოებით 7 საწარმო მუშაობს. თუმცა ნახევარზე მეტი, კომპანიების დაახლოებით 70% კვლავ გაჩერებულია. უფრო მეტად ის საწარმოები ოპერირებენ, რომლებით დასავლეთ საქართველოში არიან, რუსთავში არსებული ყველა საწარმო კი გაჩერებულია. ეს გასაკვირი არაა, რადგან მანგანუმის კონცენტრატის ლოგისტიკა ძალიან ძვირი ჯდება და შესაბამისად, ახლა ფასის ის ნიშნული არაა, რომ რუსთავში არსებულმა საწარმოებმა ოპერირება განაახლონ. კიდევ მინიმუმ 10%-ით უნდა გაძვირდეს ფეროსილიკონმანგანუმი, რომ დანარჩენმა საწარმოებმაც დაიწყონ ოპერირება.
შესაბამისად, დარგში კრიზისი კვლავ გრძელდება და ნაკლებადმოსალოდნელია, რომ წლევანდელი წელი სახარბიელო იყოს. კვლავ რჩება ის პროგნოზი, რომ ვიდრე უკრაინაში საომარი ვითარებაა და ევროპაში სიტუაცია არ დასტაბილურდება, ამ დარგში გლობალურ ზრდაზე საუბარი ვერ იქნება“, - განაცხადა ნუგზარ კევლიშვილმა.
ცნობისთვის, Galt & Taggart-ის ნედლეულის ბაზრის ყოველთვიური მიმოხილვის მიხედვით, ივნისში ევროპული ფეროსილიკონის ფასმა ტონაზე $1 575-ს გადააჭარბა, რაც თვიურად 3.2%-იანი შემცირებაა. თუმცა 2024 წლის დასაწყისიდან დღემდე ფასი 14%-ითაა გაზრდილი. რაც შეეხება ჩინურ ფეროსილიკონს, გასულ თვეს მისმა ფასმა ტონაზე $1 315 შეადგინა.
ამასთან, მიმდინარე წლის 5 თვეში ფეროშენადნობების ექსპორტი 22.1%-ით გაიზარდა. იანვარ-მაისში საქართველოდან სულ $105.5 მლნ-ის ფეროშენადნობები გავიდა ექსპორტზე, მაშინ როდესაც ეს მაჩვენებელი 2023 წლის 5 თვეში $86.4 მლნ იყო.