ფეროშენადნობთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ საწყის ეტაპზე დარგში მომუშავე საწარმოების დიდი ნაწილი სავარაუდოდ, ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობისგან თავს შეიკავებს.
როგორც ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნუგზარ კევლიშვილმა „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, ენერგეტიკულ ბირჟაზე გასვლა დამატებით ხარჯებს უკავშირდება და იმ პირობებში, როდესაც დარგი კრიზისული ვითარებიდან სრულად არ გამოსულა, ნაკლებსავარაუდოა, რომ კომპანიები ბირჟაზე გავიდნენ.
მისივე თქმით, სწორი გადაწყვეტილებაა, რომ ბირჟა ვაჭრობა საწყის ეტაპზე ნებაყოფლობითია, რადგან ფეროშენადნობთა საწარმოებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ელექტროენერგიით საათობრივი ვაჭრობა იქნება.
„ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობა მცირე რესურსს არ მოითხოვს. ფინანსური, ინტელექტუალური რესურსია საჭირო და დარგში არსებული კრიზისიდან გამომდინარე, შესაძლოა, ბევრმა კომპანიამ თავი შეიკავოს. ძალიან კარგია, რომ საწყის ეტაპზე ნებაყოფლობითია ვაჭრობა, დავაკვირდებით და შევხედავთ ვითარებას. ევროპის გამოცდილებიდან გამომდინარე, ყველა ქვეყანაა ამ პროცესში ჩართული. თუმცა უფრო სიღრმისეულად უნდა მოხდეს ჩვენს დარგთან ამ სიტუაციის მოთელვა. ბევრი ნიუანსია, რასაც უნდა მიექცეს ყურადღება, როდესაც საათობრივ ვაჭრობაზეა საუბარი. ფეროშენადნობთა დარგში ავარიები, გაჩერებები ხშირია. საათობრივად ვერ გათვლი, ამინდიც კი მოქმედებს, რადგან წვიმიან ამინდში შეიძლება მეტი ელექტროენერგია დაიხარჯოს. ამ ყველაფრის რეგულაცია ძალიან რთულია. ეს მომენტები გათვალისწინებული უნდა იყოს და ეს ერთი წელი დასახვეწად უნდა გამოვიყენოთ ყველამ. ჩვენს დარგში ღრმა კრიზისი იყო, ახლა კომპანიები ფეხზე დგებიან, ამისთვის არავის ეცალა. ყველა უყურებს, პირველი ვინ იქნება. ალბათ, როდესაც მსხვილი საწარმოები გავლენ ბირჟაზე სავაჭროდ, მერე ნელ-ნელა სხვა მომხმარებლებიც ჩაერთვებიან“, - განაცხადა ნუგზარ კევლიშვილმა.
ცნობისთვის, ენერგეტიკული ბირჟა, რომლის გახსნაც 6-ჯერ გადავადდა, მიმდინარე წლის პირველ ივლისს ნაწილობრივ გაიხსნება და საწყის ეტაპზე პლატფორმაზე ვაჭრობა გენერაციის ობიექტებისთვის და მსხვილი კომპანიებისთვის ნებაყოფლობით იქნება. კერძოდ, პირველ ეტაპზე მხოლოდ დღით ადრე და დღიური ბაზრები ამოქმედდება, ხოლო საათობრივი დაბალანსების ვალდებულება, ასევე საბალანსო და დამხმარე მომსახურების ბაზრის გახსნა 2025 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება.