ფეროშენადნობთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ მიუხედავად ნოემბერში ექსპორტის გააქტიურებისა, დარგში კვლავ მძიმე ვითარება ნარჩუნდება.
საქმე ისაა, რომ საქსტატის მონაცემებით, ნოემბერში ეკონომიკურ ზრდაში დადებითი წვლილი შეიტანა დამამუშავებელი მრეწველობის სექტორმაც, მათ შორის ფეროშენადნობების ექსპორტის ზრდამ. ნოემბერში პროდუქციის ექსპორტმა 32 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 5-ჯერ გაზრდილი მაჩვენებელია, თუმცა 11 თვეში ფეროშენადნობების ექსპორტი ჯამურად 35%-იან კლებას აჩვენებს.
როგორც ასოციაციის ხელმძღვანელი, ნუგზარ კევლიშვილი BMG-სთან განმარტავს, ტრადიციულად წლის ბოლოს საერთაშორისო ბაზრებზე მეტალზე მოთხოვნა იზრდება, რაც საქართველოდან ფეროშენადნობების ექსპორტზეც აისახა. თუმცა დარგობრივ ასოციაციაში გლობალური გაურკვევლობის ფონზე მომდევნო თვეებთან დაკავშირებით დადებითი მოლოდინები ნაკლებად აქვთ.
“სამწუხაროდ, ისევ მინდა დავადასტურო, რომ დარგში ნამდვილად მძიმე სიტუაციაა, სასიკეთო ძვრები ჯერჯერობით არაფერი ჩანს. რაც შეეხება ნოემბრის თვეში ექსპორტის ზრდას, აქ ძალიან ბანალური და მარტივი მიზეზია. მეტალურგიული ქარხნები და კომბინატები, რომლებიც მოიხმარენ ფეროშენადნობებს, მარაგებს აკეთებენ. საშობაოდ და ახალი წლისთვის შვებულებების პერიოდია, ზამთარში ლოგისტიკა რთულდება, რიგებია და რისკზე რომ არ წავიდნენ, მარაგებს იკეთებენ. ტრადიციულად ასე იყო, ნოემბერსა და დეკემბრის დასაწყისში ყოველთვის იყო გარკვეული ზრდა.
უკვე დეკემბრის ბოლოს ექსპორტი შემცირდება. სამწუხაროდ, იანვარშიც კლება იქნება. საუკეთესო პერიოდებშიც კი ასე იყო, ნოემბერში ხდებოდა ხოლმე ყველაზე მეტი ექსპორტი. ბაზარზე საერთო სიტუაცია ასეთია - მეტალის მოხმარება ისევ დაბალ ნიშნულზეა, რაც ჯაჭვურად იწვევს ფეროშენადნობებზე მოთხოვნის შემცირებას. ფასებიც ისევ დაბალია. ერთადერთი შვება იქნება, თუ დაჩქარდა უკრაინაში მშვიდობის დამყარების პროცესი. თუ იანვარში ან თებერვალში მოეწერა ხელი სამშვიდობო შეთანხმებას, მაშინ, ჩემი საფუძვლიანი ვარაუდით, მეტალზე ფასი გაიზრდება, რაც ავტომატურად გაზრდის მოთხოვნასა და ფასს ფეროშენადნობებზე.
ახლა კი სამწუხაროდ, მხოლოდ სამი კომპანია მუშაობს. ფეროშენადნობებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ელექტროენერგიის ფასი, რომელიც თვითღირებულების დაახლოებით 35%-ს შეადგენს. საქართველოში შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიაზე ფასი მაღალია ჰიდროელექტროსადგურებში წყლის სიმცირის გამო. შესაბამისად, მაღალი თვითღირებულების გამო კონკურენციას ვერ ვუწევთ, მაგალითად, ინდოელ კოლეგებს”, - განაცხადა ნუგზარ კევლიშვილმა.



























