სასაზღვრო პოლიცია დარიალის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე სამშენებლო სამუშაოებს გეგმავს. პროექტი გათვლილია იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების დროებით განთავსებაზე, რომლებიც საქართველოში საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით შემოდიან.
სამუშაოების შესყიდვა გამარტივებული წესით იგეგმება და პროექტის სავარაუდო ღირებულება 299,990 ლარს შეადგენს. სამუშაოების შესრულება შპს „ბარსონა 21“-ს დაევალება.
კომპანიის წილის 50%-ს ბექა ბარსონაძე ფლობს, 50%-ს კი თამთა ჯანელიძე. "ტენდერების მონიტორზე" განთავსებული მონაცემებით, 2021 წელს რეგისტრირებულ კომპანიას აქამდე არც ერთ შესყიდვაში არ აქვს მონაწილეობა მიღებული. რაც შეეხება შეწირულობას, თანამფლობელმა თამთა ჯანელიძემ "ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს 2021 წელს წინასაარჩევნოდ 5,000 ლარი შესწირა.
დოკუმენტაციის თანახმად, შესყიდვის საფუძველი 2025 წლის ივნისში მიღებული კანონის - „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ მოთხოვნათა შესრულებაა. კანონით გათვალისწინებული რეგულაციები 2025 წლის 1 ოქტომბრიდან შევა ძალაში და ახალი ვალდებულებების დაკისრებას გულისხმობს.
კანონის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება ექნება საერთაშორისო დაცვის თხოვნით მიმართოს საქართველოს საზღვარზე ან სატრანზიტო ზონაში და შესაბამისი განაცხადის განხილვა უშუალოდ საზღვრის პუნქტზე განხორციელდეს პირის საქართველოში შემოშვების გარეშე. [სანამ ის ე.წ. მწვანე ზონაშია]. ეს თავის მხრივ მოითხოვს შესაბამისი სივრცის არსებობას დროებითი განთავსებისთვის.
პროექტის დასაბუთებაში შსს მიუთითებს, რომ დარიალის პუნქტზე ბოლო პერიოდში გაიზარდა იმ პირების რაოდენობა, რომლებიც რუსეთის ფედერაციიდან არავალიდური დოკუმენტებით ცდილობენ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთას. ხშირია შემთხვევები, როდესაც ისინი აცხადებენ, რომ უკრაინის მოქალაქეები არიან და სასჯელს რუსეთის ციხეებში იხდიდნენ.
აღნიშნული ჯგუფების შემოსვლა დარიალის პუნქტზე ხშირად ხდება რუსეთის მიერ განხორციელებული ე.წ. „დეპორტაციის“ ფორმით. ამ კონტექსტში შსს მიიჩნევს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია აღნიშნულ პუნქტზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის დროული მოწყობა.
დოკუმენტის მიხედვით, სტანდარტული სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებით პროექტის დასრულება კანონის ამოქმედებამდე, 2025 წლის 1 ოქტომბრამდე ვერ მოხერხდებოდა. სწორედ ამიტომ, შსს მიმართავს შესყიდვების სააგენტოს გამარტივებული წესით შესყიდვის ნებართვის მისაღებად.
სასაზღვრო პოლიციის განმარტებით, უწყების ვალდებულებაა საზღვრის დაცვის პარალელურად უზრუნველყოს უცხო ქვეყნის მოქალაქეების ღირსეული პირობებით დროებითი განთავსება, როდესაც ისინი საერთაშორისო დაცვის თხოვნით მიმართავენ სახელმწიფოს. პროექტის დაყოვნება უწყების ფუნქციონირებას და სახელმწიფოს ინტერესებს სერიოზულად აზიანებს.
დამატებით, პატაკში აღნიშნულია, რომ მსგავს ვითარებაში დაგვიანებული რეაგირება რისკის ქვეშ აყენებს როგორც უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ისე საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას




























