ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების საპასუხოდ, ორშაბათს, 27 წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა უკვე დაიწყეს შედეგებზე მსჯელობა.
Movement-თან ინტერვიუში, ელჩმა შესაძლო საპასუხო ზომებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ყველა ვერსია განიხილება და საბოლოო გადაწყვეტილებას წევრი ქვეყნები ერთობლივად მიიღებენ.
„ამჟამად, წევრმა სახელმწიფოებმა ევროკავშირის ინსტიტუტებს სთხოვეს სხვადასხვა ვარიანტის მომზადება. ეს ვარიანტები განიხილება 27 წევრი სახელმწიფოს მიერ და ისინი გადაწყვეტენ, რომელი ვარიანტი აირჩიონ და როგორი რეაგირება იქონიონ. ვიმედოვნებ, როდესაც 27 წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრები ივნისის ბოლოს შეხვდებიან ერთმანეთს, გადაწყვეტილებას მიიღებენ.
როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა, ფონ დერ ლაიენმა და უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადეს, ახლა ყველა ვერსია განიხილება, მაგრამ წევრი სახელმწიფოების გადასაწყვეტია, თუ რა ზომები გატარდება“, - აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.
კითხვაზე, რამდენად რეალურია საქართველოსთვის ვიზლიბერალიზაციის შეჩერება, ელჩმა განაცხადა, რომ ერთ-ერთ ვარიანტად ესეც განიხილება.
„საქართველოსთან უვიზო რეჟიმზე გარკვეული პირობებით შევთანხმდით. უნდა შევამოწმოთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ ეს პირობები კვლავ სრულდება საქართველოს შემთხვევაში. ექვსი თვით შეჩერებას წევრი ქვეყნების კვალიფიციური უმრავლესობა სჭირდება, ნახევარზე ცოტა მეტი. არა ყველა წევრის, არამედ უმრავლესობის მხარდაჭერა. დარწმუნებული ვარ, ეს ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ წევრი ქვეყნები.
ჩემი, როგორც ევროკავშირის ელჩის პრობლემა, ის არის, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერების შემთხვევაში, მოქალაქეები დაზარალდებიან. რადგან ქართველ ხალხს, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში თავისუფალი მიმოსვლის სიკეთეებით სარგებლობდა, მძიმე ფასის გადახდა მოუწევს. ეს კი ნამდვილად არ არის ევროკავშირის მიზანი. ეს ჩემი პერსონალური მოსაზრებაა, გადაწყვეტილება კი წევრი ქვეყნების მისაღებია მომდევნო კვირებში“, - თქვა ელჩმა.