მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიღების შემთხვევაში, EU-ს ლიდერებს რეაგირება მოუწევთ - ჰერჩინსკი "რუსულ კანონზე"

EU-ის ელჩი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას ევროკავშირისგან რეაგირება მოჰყვება და ყველაფერი უნდა გაკეთდეს საკითხის ისე გადასაჭრელად, რომ ქართველი ხალხი არ დაზარალდეს.

ჟურნალისტების კითხვაზე, კანონის მიღების შემთხვევაში ევროკავშირის პოტენციურ რეაგირებასთან დაკავშირებით, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე, ჰერჩინსკი განმარტავს, რომ ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებაში არის გარკვეული ზომები, რომელთა გამოყენებაც შესაძლოა ევროკავშირს მოუხდეს. მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ნეგატიური მოვლენების სპირალზე არ გადავიდეთ.

„საქართველო კვლავ მთავარი სიახლეა ყველა საერთაშორისო არხზე და სამწუხაროდ, ეს კარგი მიზეზით არ ხდება. ჩვენ სერიოზულად ვართ შეშფოთებული და ეს გამოხატეს ევროკავშირის ლიდერებმა. ვფიქრობთ, რომ ჯერ კიდევ არის დრო, კურსის შესაცვლელად და ევროინტეგრაციის გზაზე დასაბრუნებლად. ჩვენ ბოლომდე ვიმუშავებთ ქართველ ლიდერებთან ამის მისაღწევად. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ არ ვიქნებით იძულებულნი სიტუაციისკენ, რომელიც დიდ დარტყმას მიაყენებს ხალხს საქართველოში. არ გვსურს, რომ ეს მოხდეს და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია. თუმცა, თუ მოვლენები ნეგატიურად განვითარდება და ეს კანონი არსებული ფორმით მიიღება, ვერ გამოვრიცხავ, რომ იქნება სხვადასხვა შედეგები. როგორც იცით, საქართველოს მხარს ვუჭერთ ფინანსურად, საუბარია მილიონობით ევროზე, რომლის ძირითადი ნაწილი პირდაპირ მიემართება ბიუჯეტში. ჩვენ ასევე გვაქვს ვიზალიბერალიზაცია, რომელიც უდიდესი წარმატება იყო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში. არის გარკვეული ზომები ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებაში, რომელთა გამოყენებაც შესაძლოა ევროკომისიას მოუხდეს. თუმცა ჩვენ არ გვინდა მივიდეთ ამ ზომებამდე და ამ ეტაპზე, ამ საკითხებზე საუბარიც კი არ გვსურს. რაც ახლა გვჭირდება არის ძალისხმევის გაორმაგება, გასამმაგება ამ სიტუაციის მოსაგვარებლად“,- ამბობს ჰერჩინსკი.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ელჩმა ყურადღება გაამახვილა ძალადობა და დაშინებაა, რომელიც მისივე თქმით, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

„სამწუხაროდ, საქართველოში პოლარიზაცია ძალიან დიდია. ამას ვხედავთ ყოველ ღამით ტელევიზორებში. არის ინფორმაცია დაშინებებზე, ხორციელდება სატელეფონო ზარები, ვხედავთ ძალადობას, ცემას. არც ერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში მსგავსი ქმედებების ადგილი არაა. ჩვენ ვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეწყდეს დაშინება, ძალადობა, მუქარა“,- თქვა ელჩმა.

პაველ ჰერჩინსკი რუსთაველის თეატრში ევროპის დღისადმი მიძღვნილ გალა მიღებას მასპინძლობს. ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის უმრავლესობის წარმომადგენლები არ ესწრებიან. “ქართული ოცნების” უმრავლესობისგან განსხვავებით, “ევროპის დღისადმი” მიძღვნილ გალა მიღებას ესწრება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები