რუსთაველის თეატრში ევროპის დღისადმი მიძღვნილ გალა მიღებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის უმრავლესობის წარმომადგენლები არ ესწრებიან. ღონისძიებას საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი მასპინძლობს.
“ქართული ოცნების” უმრავლესობისგან განსხვავებით, “ევროპის დღისადმი” მიძღვნილ გალა მიღებას ესწრება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
“ღონისძიებას, რომელსაც ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი მასპინძლობს, დაესწრებიან დიპლომატიური კორპუსის, საჯარო, კერძო, საერთაშორისო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
გალა კონცერტში ასევე მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისოდ აღიარებული შემსრულებლები საქართველოდან: ლიზა ბათიაშვილი, ანიტა რაჭველიშვილი, ბექა გოჩიაშვილი, ლიზი რამიშვილი, გიორგი გიგაშვილი, გორის გოგონათა კამერული გუნდი,”- ნათქვამია ღონისძიების ანონსში.
BMG-ის ევროკავშირის წარმომადგენლობის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ ღონისძიებაზე მთავრობის და უმრავლესობის წევრები დაპატიჟებული იყვნენ. BMG-იმ კითხვით მიმართა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის და საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს კითხვით, რატომ არ ესწრებიან აღნიშნულ ღონისძიებას.
მთავრობის ადმინისტრაციაში გვიპასუხეს, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ღონისძიებაზე მიწვეული იყო, მაგრამ დასწრება ვერ მოახერხა.