შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. პაპუაშვილის განცხადებით, ევროკომისიის ანგარიში, რომელიც ევროკავშირმა გამოაქვეყნა, არის „ჩვეულებრივი პოლიტიკური კომუნიკე“, რომელიც საქართველოზე თავდასხმისთვის გამოიყენეს.
მისი თქმით, ანგარიშში არაფერი ახალი არ წერია, რადგან ბრიუსელს საქართველოს მიმართ „ბოიკოტი აქვს გამოცხადებული“ და მსგავსი დოკუმენტის შედგენა საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობისა და ინფორმაციის გადამოწმების გარეშე შეუძლებელია.
პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება ევროკავშირის ელჩის დაგეგმილ ბრიფინგზე გაამახვილა და განაცხადა, რომ ჰერჩინსკისგან აინტერესებს, გმობს თუ არა იგი 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე მომხდარ ძალადობას.
„დღეს არის 4 ნოემბერი. 13 თვე გავიდა ზუსტად 2025 წლის 4 ოქტომბრიდან. დღემდე ევროკავშირი და ევროკავშირის ელჩი არ გამიჯვნია 4 ოქტომბრის ძალადობას, დღემდე ევროკავშირის ელჩს არ დაუგმია ეს ძალადობა და დღემდე ევროკავშირის ელჩი ითხოვს მოძალადეების გათავისუფლებას,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩი იმაშიც დაადანაშაულა, რომ მან თავდასხმის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის მდგომარეობით არ დაინტერესებულა.
„ერთხელაც არ მოიკითხა საქართველოს პრეზიდენტი, ერთხელაც არ მივიდა ევროკავშირის ელჩი საქართველოს პრეზიდენტთან, რომ ის მაინც ეკითხა, როგორ არის და სასახლეზე თავდასხმის შემდეგ რა ზიანი მიადგა თუნდაც შენობას და სასახლეს. ერთხელ მაინც ადამიანი აქ არის სტუმრად, ის ჩვენი ქვეყნის სტუმარი არის და იმდენი კულტურა და შეგნება არ აქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტი მოიკითხოს მას შემდეგ, რაც მის მიერ მხარდაჭერილი ადამიანები თავს დაესხნენ პრეზიდენტის სასახლეს“.
მისი თქმით, სანამ ევროკავშირის ბიუროკრატია არსებულ რიტორიკას არ შეცვლის, ხელისუფლებას მათთან „რაიმე სალაპარაკო ძნელად ექნება“.
























