მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„დარწმუნებული ვარ, ეს ტრანზაქცია გააძლიერებს საბანკო სისტემას და ქვეყნის ეკონომიკას“ – „ლიბერთი ბანკის“ გენდირექტორი

ბექა გოგიჩაიშვილი

"ლიბერთი ბანკის" გენერალური დირექტორი ბექა გოგიჩაიშვილი დარწმუნებულია, რომ "ბაზისბანკის" მიერ "ლიბერთი ბანკის" შეძენა გააძლიერებს საბანკო სისტემას და ქვეყნის ეკონომიკას.

ბაზისბანკმა, რეგულატორის მხრიდან შესაბამისი თანხმობების მიღების შემდეგ, წარმატებით დაასრულა ლიბერთი ბანკის შეძენასთან დაკავშირებული გარიგება და ლიბერთი ბანკის აქციების 95.99% - ის მფლობელი გახდა. ინფორმაციას "ბაზისბანკი" ავრცელებს, თუმცა გარიგების ღირებულება მითითებული არ არის.

„ჩემთვის დიდი პატივი იყო ლიბერთის გუნდის ხელმძღვანელობა იმ პერიოდში, როდესაც ბანკმა მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია და ზრდა განიცადა. მადლიერი ვარ თითოეული თანამშრომლის პროფესიონალიზმისა და ერთგულებისთვის, რაც ბანკის წარმატების მთავარი საფუძველია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ტრანზაქცია შექმნის ახალ შესაძლებლობებს ბანკისთვის, მისი მომხმარებლებისა და გუნდისთვის, რაც საბოლოო ჯამში გააძლიერებს საბანკო სისტემას და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას", - აცხადებს "ლიბერთი ბანკის" გენდირექტორი ბექა გოჩიაშვილი.

"ბაზისბანკის" ცნობით, "ლიბერთი ბანკში" გენერალური დირექტორის პოზიციას "ბაზისბანკის" გენდირექტორი დავით ცაავა დაიკავებს, რომელიც ფინანსურ ინსტიტუტს 2010 წლიდან ხელმძღვანელობს.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარე ეტაპზე ორივე ბანკი ჩვეულ რეჟიმში, დამოუკიდებლად აგრძელებს საქმიანობას. ბაზისბანკის მომხმარებლები მომსახურებას მიიღებენ ბაზისბანკში, ხოლო ლიბერთი ბანკის მომხმარებლები - ლიბერთი ბანკში.

"მომხმარებლებისთვის ყველა სერვისი, პროდუქტი და არხი მუშაობს შეუფერხებლად და მომსახურება გრძელდება ჩვეულ რეჟიმში", - ნათქვამია ბანკის გავრცელებულ ინფორმაციაში.

გასული წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ "ბაზისბანკი" "ლიბერთი ბანკის" შესყიდვას აღარ განიხილავდა და ბანკებს შორის გარიგება შესაძლო გაერთიანების ფორმატს ითვალისწინებდა.

"ლიბერთი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი რუხაძემ 2025 წლის სექტემბერში BMG-ის განუცხადა, რომ მხარეთა შორის ბანკის გასხვისებაზე მოლაპარაკებების დაწყების შემდგომ თავად "ლიბერთი ბანკის" ფინანსური მაჩვენებლები და პარამეტრები საგრძნობლად გაუმჯობესდა, შესაბამისად ის თანხა, რაზეც თავდაპირველად იყო მსჯელობა უნდა გადახედილიყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები