მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"დარწმუნებული ვარ, მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტის ინსტიტუტს წართმეულ ღირსებას დაუბრუნებს" - ივანიშვილი

ყაველაშვილი
27.11.24 11:23
975

"ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა. კანდიდატი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა.

პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართება. პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს ჩატარდება.

როგორც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ განაცხადა, მიხეილ ყაველაშვილს საზოგადოების წინაშე განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. წლების მანძილზე ის როგორც წარმატებული სპორტსმენი იცავდა საქართველოს ღირსებას.

„მიშა იყო საქართველოს საფეხბურთო ნაკრების სტაჟიანი წევრი, რამდენიმე ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონი, მისი საფეხბურთო კარიერა უკავშირდება, თბილისის დინამოს, ვლადიკავკაზის ალანიას, მანჩესტერსიტის, წამყვან შვეიცარიულ საფეხბურთო კლუბებს. პოლიტიკური საქმიანობის დაწყებამდე ყოველთვის უკომპრომისოდ გამოხატავდა თავის პრინციპულ პოზიციას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე. უკანასკნელი 8 წლის მანძილზე მიხეილ ყაველაშვილი წარმატებულ პოლიტიკურ საქმიანობას, იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვასა და ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებაში. პატიოსნება, სამართლიანობა, პატრიოტიზმი და პრინციპების ერთგულება ის თვისებებია, რომელიც მიხეილ ყაველაშვილს განსაკუთრებულად გამოარჩევს. ის თავისი ბუნებით თუ გნებავთ, ჰაბიტუსითაც ქართველი კაცის საუკეთესო განსახიერებაა. ის შესანიშნავი მეუღლე და მამაა. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე გუნდმა ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე მიხეილ ყაველაშვილის წარდგენასთან დაკავშირებით.

დარწმუნებული ვარ, მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტის ინსტიტუტს სრულად დაუბრუნებს დროებით წართმეულ ღირსებას. 29 დეკემბერს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია შედგება და ამ დღიდან წარსულს ჩაბარდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ ქვეყნის ღალატის და კონსტიტუციის სისტემატური დარღვევის უხეში პრაქტიკა, რომელმაც პრეზიდენტის ინსტიტუტს უდიდესი ზიანი მიაყენა. ეჭვგარეშეა, რომ მიხეილ ყაველაშვილი იდგება არა უცხოური ძალის, არამედ ქართული სახელმწიფოს, ქართველი ხალხის სამსახურში და თავის წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და წარმატებაში. მინდა მიხეილ ყაველაშვილს წარმატებული საქმიანობა ვუსურვო საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე", - განაცხადა ივანიშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენისას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები