„საქართველოს არცერთი წამით არ გადაუხვევია [ევროკავშირის გზიდან]. "ქართული ოცნების" დამსახურებაა, რომ ახლა მშვიდად ვართ“, - ეს განცხადება ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში გააკეთა. „რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური კრიზისი და სანქციები ქვეყნის ეკონომიკას უზარმაზარი რისკის და პრობლემების წინაშე აყენებს, თუმცა ბიზნესმენს გამოსავლის გზად არა - ახალი არჩევნები, არამედ საპროტესტო აქციების შეწყვეტა და ოპოზიციის მიერ პარლამენტში მუშაობის გაგრძელება მიაჩნია.
- ჩვენც ასე ვიყავით ცხრა აპრილს. ჩვენც ასე ვიდექით რუსთაველზე... ჩვენი შეცდომა იყო. უნდა გავყოლოდით პატრიარქს და უნდა დავშლილიყავით; ახლაც მოვუწოდებ [ახალგაზრდებს], რომ ეს დაამთავრონ. არ შეიძლება ასე გაგრძელება.
- რა უნდა დაამთავრონ? თქვენი აზრით, რატომ არიან ახალგაზრდები ქუჩაში?
- უნდა შერიგდნენ ქართველები; [ოპოზიცია] შევიდეს პარლამენტში; თავისი ამომრჩევლები დააფასონ. ხალხი სანთლებს აუნთებს მათ, ვინც დააწყნარებს იმას, რაც გარეთ ხდება. შეუძლებელია, რაც გარეთ ხდება...
- თქვენ არ გჯერათ, რომ საქართველომ [“ქართულმა ოცნებამ“] ევროინტეგრაციის გზიდან გადაუხვია...
- არცერთი წამით არ გადაუხვევია [ევროკავშირის გზიდან.] „ქართული ოცნების“ დამსახურებაა, რომ ახლა მშვიდად ვართ. სამი წლის განმავლობაში, ჩვენი ეკონომიკური ზრდა შეუწყვეტელია, არ გაჩერებულა...
- ბატონო ლაშა, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია 2012 წლიდან. 2019 წლამდე, ქვეყნის ეკონომიკა, საშუალოდ, 3.5-4%-ით იზრდებოდა, თუ არ ჩავთვლით 2021-2023 წლებს...
- ნებისმიერ შემთხვევაში, გამარჯვებულებს არ სჯიან.
- მხოლოდ რიცხვები ყოველთვის ყველაფერს ვერ ამბობენ...
- ყველაფერს ამბობენ რიცხვები, როცა საქმე ეხება ეკონომიკას...
- fitch-ის და სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების შეფასებით, რუსეთ-უკრაინის ომი „დადებითი შოკი“ აღმოჩნდა საქართველოს ეკონომიკისთვის...
- 2006 წელს Societe Generale-ს რომ მივყიდე ბანკი ["რესპუბლიკა"]სწორ ადგილას აღმოვჩნდი სწორ დროს - ეს არის მთავარი. მთავარია, რომ ბომბი არ მოიხვედრეს. მეტი რა გინდა?! მეტი რა არის პოლიტიკოსის დამსახურება?
- მოკლედ, თქვენ გჯერათ, „ქართულ ოცნებას“ დღეს საქართველო ევროკავშირისკენ მიჰყავს?
- აბსოლუტურად ევროკავშირისკენ მივდივართ.
- მაშინ ევროკავშირის ლიდერები, ვინც კარები უნდა გაგვიღოს, რატომ გვეუბნებიან, რომ გადაუხვიეთ ევროკავშირის გზიდანო?
- ყველა წამსვლელი ლიდერები არიან: შოლცი, მაკრონი...
- ტრამპი რომ მოვა, რა გგონიათ, რას იზამს?
- რატომ ასწრებთ მოვლენებს?! არავინ იცის, ტრამპი რას იზამს, მაგრამ რასაც საუბრობს, აბსოლუტურად ემთხვევა იმას, რა გზასაც ჩვენ ვადგავართ - ოჯახის სიმტკიცე და მართლმადიდებლობა...
- ვინმე გვართმევს ამას?
- არა, მაგრამ ტრამპი რას იზამსო და გეუბნებით, რომ ვემთხვევით [ღირებულებებში];
- დავუბრუნდეთ აწმყოს, რომელიც არც ისე ნათელია და მომავალი კიდევ არც ისე მკაფიო. ფაქტია, მიუხედავად იმისა, რომ გვთხოვენ დაუბრუნდით ევროკავშირის გზასო, შემხვედრი ნაბიჯები არ იდგმება....
- არანაირი საბუთი არ არსებობს, სულ ორ კანონზეა საუბარი.
- საქართველოს ყველა სტრატეგიული პარტნიორი ერთად გაგიჟდა ბატონო ლაშა?
- არ მიიღებს ქართველი ლგბტ-ს... ჩვენს შვილებს არ გვინდა, რომ ვასწავლოთ ეს და ამ გზაზე არ გავუშვებთ.
- ვინ გვახვევდა?
- სულ ორი საკითხი არაა?! ერთი ეს [ანტი-ლგბტ კანონმდებლობა] და მეორე - „გამჭვირვალობის კანონი“.
- ე.წ. რუსული კანონი, რითაც დაიწყო ყველაფერი...
- შენით ვერ ხედავ?! ორჯერ ორივით ნათელია, რომ იმას არ მიიღებს ქართველი. ჩვენ ვერ წავალთ ამ გზაზე და მეორე კანონი [გამჭვირვალობის შესახებ] - თითიდან გამოწოვილია...
- არ გიჩნდებათ კითხვა - რატომ შემოაბრუნეს „რუსული კანონი“ მეორედ, როცა ერთხელ ხალხის პროტესტის გამო, თავად გაიწვიეს?
- მიზეზებს გიპოვიან... რამდენიმე დღის წინ ერთი თქვენი {BMG} რესპონდენტი კომპანიას ადარებდა სახელმწიფოს და ჰყვებოდა, უკრაინა დაუახლოვდა ევროპასო... მტერს და ავს, უკრაინა რას დაუახლოვდა ევროპას?! ტრაგედია ტრიალებს. უყურეთ რა ხდება.
- ვინ დამართა უკრაინას ტრაგედია, ვიცით...
- თავისმა თავმა დამართა, პირველ რიგში.
- მოკლედ, თქვენ გჯერათ, რომ „ოცნებას“ საქართველო მიჰყავს ევროკავშირისკენ...
- დარწმუნებული ვარ, რომ მიჰყავს და ეს ყველგან დავაფიქსირე. [პრემიერის და ბიზნესმენების] შეხვედრაზე ვინმემ თქვა, რომ არ მიჰყავს [ევროკავშირისკენ]? მსგავსი არავის უთქვამს. არანაირი არგუმენტი არ არსებობს. ვიზალიბერალიზაცია და სხვა პლუსები [ვინ მოგვიტანა], მე არ ჩამოვთვლი... დანარჩენი გითხარით - სულ ორი კანონია - ლგბტ-ს პროპაგანდას არ მივიღებთ და მეორეა „გამჭვირვალობის კანონი“...
- „რუსულ კანონზე“ მხოლოდ მოკლე რეპლიკას გავაკეთებ - არასამთავრობო ორგანიზაციების იძულებითი წესით რეგისტრაცია არც დაუწყიათ, რატომაც თითქოს ეს კანონი დაამტკიცეს, მაგრამ ევროინტეგრაციის პროცესის შეფერხება ამ კანონმა ნამდვილად შეძლო...
- შეცდომები აპატიე... თუ რამე შეცდომა დაუშვეს, ჩვენ უნდა ვაპატიოთ. წინამძღოლს შეცდომები უნდა აპატიო.
- ამდენი შეცდომა ვაპატიოთ?
- რამდენი? ორი დაასახელე...
- თუ შეცდომა დაუშვეს, მაშინ ხომ უნდა აღიარონ? უბრალოდ, რატომ უნდა ვაპატიოთ?
- კარგი ბატონო, ნუ აპატიებ, მაშინ ვიჩხუბოთ.
- ბატონო?
- ვიომოთ, ვიჩხუბოთ. ვესროლოთ ერთმანეთს ტყვიები...
- რა შუაშია ეს შედარება?! ხელისუფლებებს ვირჩევთ იმიტომ, რომ ქვეყანა განავითარონ, წინ წაიყვანონ, კონსტიტუციის 78-ე მუხლში გაწერილი გზით გვატარონ...
- ეს ბევრჯერ ვუთხარით ჩვენც ირაკლი [კობახიძეს]... ბიზნესმენებმა ხომ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია...
- ბიზნესმენების და ირაკლი კობახიძის შეხვედრაზე, თქვენ რა კითხვები დასვით?
- მე კითხვები არ მქონდა. მე მინდა, უფრო მეტი სითბო იყოს და ვთხოვე ირაკლის, რომ მოქალაქეებს უფრო თბილად მოეპყროს, გავიდეს ხალხთან...
- ანუ ასე სასტიკად არ გვცემოს?
- მე ვგულისხმობ იმას, რომ შეიძლება უფრო თბილად შეიძლება ადამიანებს ესაუბროს; ახალგაზრდაცაა, ნერვებიც... უნდა ვაპატიოთ. შეიძლება ვერ შეძლო, მაგრამ დაღვინდებიან და შეძლებენ უკეთესად ამის კეთებას. არაფერი უპატიებელი აქ არის. ყველაზე მთავარი ეს არის. ცოტა ცივი და სწორხაზოვანი მიდგომა აქვს, მაგრამ ეპატიება ეს ადამიანს იმ დროს, როცა 24-საათიანი სამუშაო გაქვს და უამრავი რისკი და პრობლემა აარიდეს ამ ქვეყანას.
- რა ვაპატიოთ?
- ყველაფერი.
- ის, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერეს?
- ერთმანეთს უნდა ვაპატიოთ ყველამ ყველაფერი. ძალადობა ვერ გააერთიანებს ჩატეხილ ხიდს. მხოლოდ სიყვარული და ძმობა. რაღაც დიდი ამბიციები გვაქვს და არ ვართ ამხელა ერი. ევროპა, მთელი მსოფლიო შევაწუხეთ უკვე ჩვენი აუტანელი გამოსვლებით.
- არ ეტყობა ევროპას და მსოფლიოს, რომ ქართველი ხალხით შეწუხდა...
- ნორმალური ევროპა [შეწუხდა]
- ვერ დაგეთანხმებით. ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებით ყველა აღფრთოვანებულია...
- ჩვენი მომავალია მსოფლიოს ვთხოვოთ ნეიტრალიტეტი. ჩვენ ამ წუთს ძალა არ შეგვწევს... 4 მილიონიანი ერი ვართ. ჩვენ უნდა ვიყოთ მშვიდად, თავმდაბლურად და ჩვენი ქვეყანა ვაშენოთ.
- ჩავიკეტოთ?
- არა, შვეიცარია გავხდეთ.
- შვეიცარიის ფუფუნება აქვს საქართველოს?
- ბუნება ძალიან კარგი გვაქვს...
- არ მგონია, რომ გეოგრაფიული მდებარეობა და გეოპოლიტიკა ხელს გვიწყობდეს...