კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებელი დარწმუნებულია, რომ სააპელაციო სასამართლო „რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანს. ამის შესახებ რევაზ ვაშაკიძემ ჟურნალისტებს სასამართლოს სხდომის დაწყებამდე განუცხადა.
„ხელშეკრულება, რომელიც „ყვარლის ბაგასთან“ გავაფორმეთ სრულად შევასრულეთ. ქათმის ნაკელი გავყიდეთ და კომპანია „ყვარლის ბაგამ“ ის ძროხის საკვებად გამოიყენა, რაც დიდი დანაშაულია. დარწმუნებული ვარ, სასამართლო კანონიერ გადაწყვეტილებას მიიღებს, ისე რომ ჩვენც კმაყოფილი ვიქნებით და ქვეყანაც“, - განაცხადა რევაზ ვაშაკიძემ.
კომპანია „ჩირინას“ ადვოკატის განცხადებით, დღეს მეორე ინსტანციის სასამართლო მტკიცებულებების დარჩენილ ნაწილს განიხილავს, რითაც საქმის განხილვები დასრულდება. მოსამართლემ გადაწყვეტილება 1-თვიან ვადაში უნდა მიიღოს.
დღეს, სააპელაციო სასამართლოში "რძის სკანდალთან“ დაკავშირებით მორიგი სხდომა იმართება. მეორე ინსტანციის სასამართლო განიხილავს საქმეს - „ყვარლის ბაგა“ „ჩირინას“ წინააღმდეგ, რომლის ფარგლებშიც მეცხოველეობის ფერმა „ჩირინასგან“ 4.7 მილიონი ლარის ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.
აღნიშნული თანხის გადახდა „ჩირინას“ 2024 წლის 24 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაეკისრა, რაც კომპანიამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
დავის შესახებ: ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის „ყვარლის ბაგა“ ირწმუნება, რომ 200-მდე სული ძროხა მას შემდეგ დაეხოცა (ზოგიერთი მათგანი თავად დაკლეს და ბაზარზე რეალიზაცია მოახდინეს), რაც „ჩირინასგან“ ნაყიდი ქათმის სკინტლი აჭამეს. სარჩელი ეფუძნებოდა მტკიცებას, თითქოს „ყვარლის ბაგამ“ შეძენილ ნაკელში აღმოაჩინა „აკრძალული ვეტ-პრეპარატი“ ტეტრაციკლინი, რომლის გამოყენებაც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით და “ყვარლის ბაგა“ თავადაც იყენებს.
კომპანია „ჩირინა“ კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს და შესაბამისი დოკუმენტაციით ამტკიცებს, რომ კომპანიას არ დაურღვევია არც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და არც მოქმედი კანონმდებლობა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კი ეყრდნობოდა სამართლებრივად გაუმართლებელ დაშვებებსა და არასწორ ინტერპრეტაციებს.
კომპანია „ჩირინა“ იმედოვნებს, რომ სააპელაციო სასამართლო ობიექტურ შეფასებას გააკეთებს, რაც საქმის სამართლიანად გადაწყვეტას უზრუნველყოფს.
„ჩირინა“ საქართველოს სოფლის მეურნეობაში ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია, რომელსაც ბოლო 15 წლის განმავლობაში ქვეყანაში 200 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია აქვს განხორციელებული და ათასამდე ადამიანს ასაქმებს. ხარისხიანი ქართული პროდუქტის წარმოებასთან ერთად კომპანიას ქვეყანაში ინოვაციური მიდგომები და ცოდნა შემოაქვს. 5 მილიონამდე ლარით დაჯარიმება კი სერიოზული ფინანსური დარტყმა იქნება „ჩირინასთვის“ რამაც, შესაძლოა, კომპანიის გაკოტრება გამოიწვიოს - აღნიშნული უარყოფითად აისახება არამხოლოდ დასაქმებულებზე, არამედ, ზოგადად, სექტორის განვითარებაზე.




























