მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დასანანი და გაუგებარი იყო აშშ-ის მიერ "ღირსეული პარტნიორის" გადადება" - ირაკლი ჩიქოვანი

თავდაცვა

"დასანანი და გაუგებარი იყო აშშ-ის მიერ "ღირსეული პარტნიორის" გადადება" - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობაზე ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა.

ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" ურთიერთობების გადატვირთვის სტრატეგიის ფარგლებში, საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობა გაგრძელდება. იგი იმედოვნებს, რომ "ღირსეული პარტნიორის" პროგრამის შეჩერების გადაწყვეტილება გადაიხედება.

"ურთიერთობების გადატვირთვის კვალობაზე ვიმედოვნებთ და მოველით, რომ გაგრძელდება ნაყოფიერი სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში. GDRP-ის პროგრამის წარმატებით განხორციელებამ საფუძველი ჩაუყარა საქართველოს თავდაცვის უნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობების ინიციატივას, რაც მნიშვნელოვანი ელემენტია. შესაბამისად, მომდევნო წლებში ყურადღებას გავამახვილებთ GDI-ით გათვალისწინებული ამოცანების მიღწევაზე და დარწმუნებული ვართ, ეს პოზიტიურ შედეგს მოიტანს.

ვიტყვი იმასაც, რომ დასანანი და გაუგებარი იყო აშშ-ის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება "ღირსეული პარტნიორის" გადადებასთან დაკავშირებით. ამ პერიოდის განმავლობაში გვქონდა არაერთი წვრთნები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად და ვიმედოვნებთ, რომ ასეთი გადაწყვეტილებები იქნება გადახედილი, გადატვირთვის პოლიტიკიდან გამომდინარე", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა საქართველოში სამხედრო სწავლება "ღირსეული პარტნიორი" მიმდინარე წლის ივლისში "განუსაზღვრელი ვადით" გადადო. განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვის ფარგლებში იქნა მიღებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები