ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში 2023 წელს ხელფასები 25.5%-ით გაიზარდა და ქვეყნის საშუალო ხელფასს გადააჭარბა. PMC კვლევითი ცენტრის პუბლიკაციის მიხედვით, გასულ წელს სექტორში საშუალო ანაზღაურება 2 130 ლარი იყო. შედარებისთვის, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2023 წელს ქვეყანაში საშუალო ხელფასმა 1858.2 ლარი შეადგინა.
PMC-ს თანახმად, ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორი მნიშვნელოვანი დამსაქმებელია. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს დასაქმებულების რაოდენობის ზრდის შემდეგ, გასულ წელს მნიშვნელოვანი, 8.5%-იანი კლება დაფიქსირდა და სექტორი 60 890 ადამიანს ასაქმებდა. ამის მიზეზად ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დასტაბილურება სახელდება. პუბლიკაციის თანახმად, 2022 წელს სექტორში დასაქმებულების რაოდენობის 66 554-მდე მატება სწორედ მაღალ ეკონომიკურ ზრდას უკავშირდებოდა, რაც თავის მხრივ, რუსეთის უკრაინაში შეჭრის გავლენით იყო გამოწვეული.
მსგავსი ტენდენციაა ვაკანსიებშიც - გასულ წელს, სექტორში სულ 12 856 ვაკანსია გამოცხადდა, რაც წლიურად 38%-იანი კლებაა. ამასთან, იმის მიზეზად, რომ სექტორში კადრებზე მოთხოვნის კლების მიუხედავად, ხელფასები მზარდია, PMC კვლევითი ცენტრი სექტორის მდგრადობას ასახელებს და ასევე მიუთითებს, რომ ამ ტენდენციაზე გავლენას შესაძლოა კვალიფიციური კადრების დეფიციტიც ახდენდეს.
ამასთან, 2023 წელს სექტორი ზომიერი ზრდით გამოირჩეოდა. კერძოდ, 9 თვის მონაცემებით, მისი წვლილი მთლიან შიდა პროდუქტში წლიურად 5.1%-ით გაიზარდა, მიუხედავად მაღალი საბაზო ეფექტისა. საგულისხმოა, რომ 2022 წელს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ქვეყნებს რუსეთთან და რუსეთის გავლით ვაჭრობისთვის თავის არიდების მიზნით, „ჩრდილოეთის დერეფნიდან“ სხვა ალტერნატივებზე გადართვა მოუწიათ.
9 თვის მონაცემებით, მიმდინარე ფასებში სექტორის მთლიანი გამოშვება 3%-ით, 6.1 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. საქართველოს ეკონომიკის მთლიან გამოშვებაში ტრანსპორტისა და დასაწყობების წილი წინა წელთან შედარებით 0.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა, მაგრამ კვლავ არსებითი მნიშვნელობისაა და 6.5%-ს შეადგენს.
პუბლიკაციის მიხედვით, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორი საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი საყრდენია, რომელიც ხელს უწყობს შიდა და საერთაშორისო ვაჭრობას. ამასთან, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა შუა დერეფანში აძლიერებს მის, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სატრანზიტო ცენტრის მნიშვნელობას.