რაც შეეხება პროფესიულ განათლებას, მოგეხსენებათ, რომ ესეც ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის, ვინაიდან, პროფესიული განათლება პირდაპირ უკავშირდება სამუშაო ადგილების შექმნას და ზოგადად, დასაქმების საკითხს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, 9-ჯერ არის გაზრდილი პროფესიული განათლების დაფინანსება.
„აშენდა ახალი პროფესიული კოლეჯები და ახალი სახელოსნოები. ამჟამად მიმდინარეობს 4 ახალი პროფესიული კოლეჯისა და 4 ახალი სახელოსნოს მშენებლობა.
დასაქმების სააგენტოში, მე მინდა საინტერესო ინფორმაცია გაგიზიაროთ თქვენ ყველას, დღეის მდგომარეობით, 10 000-ზე მეტი ვაკანსია არის დაფიქსირებული.
შარშან ჩვენ საინტერესო კვლევა ჩავატარეთ ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით. ბოლო 1 წლის განმავლობაში, საწარმოთა 30%-ს ჰქონდა ვაკანსია, რომელმაც ჯამში 140 000 შეადგინა. შარშან, კიდევ ვიმეორებ, კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ 140 000 ვაკანსია იყო ქვეყანაში. ეს, რა თქმა უნდა, არ არის ნორმალური. ამიტომ, ამას სჭირდება მთავრობის მხრიდან, ბიზნესის მხრიდან ერთობლივი მუშაობა. სწორედ ამ მიზნით ჩვენ დავიწყეთ და რამდენიმე თვის წინ ჩვენ გვქონდა პრეზენტაცია უკვე მინისტრთან ერთად. პროფესიული განათლების ახალი ხედვა იქნა წარმოდგენილი“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.