“რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დიდი დანაშაული და ოკუპაციის მძიმე შედეგი, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვიმკით” - რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქეების, თამაზ გინტურის მკვლელობასა და ლევან დოთიაშვილის გატაცებას პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა.
“ეს არის სამწუხარო შედეგი იმ ოკუპაციისა, რომელიც დამყარდა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. დღეს არ მინდოდა ასეთ პოზიტიურ დღეს წინა ხელისუფლების მემკვიდრეობაზე მესაუბრა, რომელიც უმძიმესია, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მემკვიდრეობა და მძიმე დანაშაული, გამოუსწორებელი შეცდომა - ეს არის ოკუპაცია. ჩვენ წინა ხელისუფლების მიერ დატოვებული უმძიმესი დანაშაულები გამოვასწორეთ, არა ერთ სფეროში, მაგრამ სამწუხაროდ ჯერ კიდევ ვერ შევძელით ოკუპაციის დასრულება. მაგრამ მე მჯერა, ჩვენი თანმიმდევრული, გონივრული პოლიტიკის წყალობით, ჩვენ მშვიდობიანად მოვახერხებთ ქვეყნის დეოკუპაციას და გაერთიანებას. რა თქმა უნდა სახელმწიფო დგას გარდაცვლილი გინტურის ოჯახის გვერდით, მაგრამ, რა თქმა უნდა, ძნელია ოჯახს ტკივილი შეუმსუბუქო”, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
პრემიერმა თავის გამოსვლაში წინა ხელისუფლების ქმედებებიც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ, მათი არასწორი პოლიტიკის შედეგად, ოკუპანტებმა საქართველოდან არაერთი მოქალაქე გაიტაცეს უკანონოდ. ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ მოიქცა ხელისუფლება მას შემდეგ, რაც თამაზ გინტურის მკვლელობის შესახებ შეიტყო, ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ მათ მყისიერი რეაგირება ჰქონდათ.
“ჩვენ მყისიერად გვქონდა მაქსიმალური რეაგირება, რისი გაკეთებაც შეგვეძლო. პირველ რიგში, ვაცნობეთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, ყველას… ყველა ეს ნაბიჯი გადაიდგა ჩვენი მხრიდან, რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვეძლო. მე დიდი იმედი მაქვს, რომ მოხდება მეორე დაკავებულის, უკანონოდ გატაცებულის გათავისუფლება ძალიან მალე”, - ამბობს ღარიბაშვილი.