ირაკლი ღარიბაშვილმა მის მიერ სამთავრობო თვითმფრინავით პირადი მიზნებისთვის განხორციელებულ ჩარტერულ ფრენებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მის ოჯახს არასოდეს უჭირდა და პოლიტიკაში მოსვლამდე ის საქართველოს უმდიდრეს მოქალაქესთან მუშაობდა და ყველაზე მდიდარ საქველმოქმედო ფონდს ხელმძღვანელობდა, შესაბამისად მისი ოჯახის ფინანსების წარმომავლობასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს. ამის შესახებ მან კახეთში ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
12 სექტემბერს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა, ანზორ ჩუბინიძემ განაცხადა, რომ სამთავრობო თვითმფრინავის ჩარტერული ფრენების საფასური ირაკლი ღარიბაშვილის მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა დაფარა. ფრენის საფასური 34 ათას ევროს შეადგენდა.
“თქვენ თუ მოისმინეთ სხვადასხვა უწყებების განმარტებები, რაც გააკეთა ბატონმა ანზორ ჩუბინიძემ, გამოვიდა ის და დაადასტურა. არ ვთვლი საჭიროდ, რომ ამ თემაზე ღიად მესაუბრა, რადგან პირადი საკითხია. მე არასოდეს მისარგებლია ბიუჯეტით და არცერთი თეთრი არ დამიხარჯავს ჩემი ოჯახის წევრების მგზავრობაზე ბიუჯეტიდან. განსხვავებით თქვენი ბელადი სააკაშვილისგან. მე ასე მიზანმიმართულად გავაკეთე და გადავახდევინე ოჯახს, რომ მეჩვენებინა კონტრასტი. ეს არის ჩვენი ხელწერა, რომ ჩვენ არასოდეს ვიყენებთ ბიუჯეტს. როდესაც სააკაშვილი საკუთარი მიზნებისთვის ხარჯავდა მილიონობით ლარს.
მადლობა ღმერთს მე მყავს შეძლებული ოჯახი. არასოდეს არ ვიყავი გაჭირვებული, მას შემდეგ რაც დავამთავრე უნივერსიტეტი. პოლიტიკაში მოსვლამდეც ვმუშაობდი ამ ქვეყნის უმდიდრეს ადამიანთან. ვმართავდი ყველაზე მდიდარ საქველმოქმედო ფონდს, ჩემი ოჯახი არასოდეს ყოფილა გაჭირვებული. ეს არ არის დამალული და რაღაც სიახლე. ამ თემაზე ვინაიდან მისვამთ კითხვას გპასუხობთ.
მე ყოველწლიურად ვავსებ დეკლარაციას, დაელოდეთ მომავალ დეკლარაციებს, გაისადაც შევავსებ, ასე რომ არაფერი დაფარული სახსრები არ მაქვს,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
აგვისტოში ირაკლი ღარიბაშვილმა პირადი მიზნებისთვის სამთავრობო თვითმფრინავით ფრენა გერმანიაში განახორციელა.