მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დასაქმებისას უპირატესობა მიენიჭოთ საქართველოს მოქალაქეებს - კანონპროექტი

6471e34abd2b4
შოთა ტყეშელაშვილი
27.05.23 15:31
1156
საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა პოლიტიკური გაერთიანება “ხალხისთვის”(ანა დოლიძე) მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ. ინიციატივის თანახმად, უნდა გაჩნდეს საკანონმდებლო ჩანაწერი იმის შესახებ, რომ კომპანიებს თანამშრომელთა აყვანის დროს განსაზღვრული ჰქონდეთ პრიორიტეტი, რომ უპირატესობა საქართველოს მოქალაქეებს მიანიჭონ.

ინიციატივის ავტორია პარტია “ხალხისთვის” თავმჯდომარე ანა დოლიძე. საკანონმდებლო წინადადებების მიხედვით, 2022 წლის განმავლობაში ქვეყანაში განხორციელებული უპრეცედენტო მასშტაბის მიგრაციის ფონზე, მნიშვნელოვანი გახდა, რომ საქართველოს მოქალაქეებს გარკვეული შრომითი გარანტიები გააჩნდეთ.

საქსტატის თანახმად, 2022 წელს საქართველოში რუსეთის ფედერაციის სულ 62 ათასი მოქალაქე ემიგრირდა, ბელარუსი მიგრანტების რაოდენობა კი 13 ათას აჭარბებს.

კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებს უნდა მიენიჭოთ უპირატესობა ყველა პროფესიაში, გარდა იმ კონკრეტული პროფესიებისა, სადაც ქართველ სპეციალისტთა რაოდენობა დეფიციტურია. ამასთან, კანონპროექტი ჯანდაცვის სამინისტროს ავალდებულებს განისაზღვროს ამ პროფესიების ჩამონათვალი.

შრომის კოდექსში შესატანი ცვლილების ტექსტი:

“მზარდი ემიგრაციის ფონზე, საქართველოს მოქალაქეებისათვის უპირატესობის მინიჭება შრომითი და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში:

1) 2022 წლის 24 თებერვლის შემდე წარმოშობილ შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, მათ შორის ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე, უპირატესობა ენიჭება საქართველოს მოქალაქეობის მქონე სუბიექტებს, რომლებსაც უდასტურდებათ 2 წლის განმავლობაში საქართველოში უწყვეტად ცხოვრების ფაქტი.

2) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტთან ერთად განსაზღვროს საქართველოს შრომით ბაზარზე არსებული დეფიციტური პროფესიები, სადაც დამსაქმებელთა მოთხოვნის მიუხედავად, პროფესიული კვალიფიკაციის მქონე სუბიექტების ნაკლებობას განვიცდით, შესაბამისად უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე დასაქმების მსურველ სუბიექტებს გაუკეთდეს შეთავაზება აღნიშნულ დეფიციტურ სამუშაო ადგილებთან დაკავშირებით,”- ნათქვამია კანონპროექტში.

ცნობისთვის, 2023 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, ქვეყანაში უმუშევრობის დონე 18%-ზეა. ამასთან საქსტატის ცნობით, ქვეყანაში საშუალო ხელფასის ოდენობა 1,773 ლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები