შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ბიზნესისთვის მწვანე სერტიფიკატების მინიჭების საკითხზეც ისაუბრა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე განიხილება, რომ “მწვანე სტატუსი” მიენიჭოს ბიზნესსუბიექტს, რომელთაც დასაქმებულების 80%-მდე აცრილი ეყოლება.
ბექა ფერაძემ ასევე თქვა, რომ "მწვანე სერტიფიკატების" მინიჭების საკითხებზე დეტალური ინფორმაცია, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გახდება ცნობილი.
“მწვანე სერტიფიკატს" მივანიჭებთ ისეთ ობიექტებს, რომლებსაც თანამშრომლები ეყოლებათ ვაქცინირებული. ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ არა მხოლოდ ვიზიტორის მიმართ იყოს ეს მოთხოვნა, არამედ ნებისმიერ მომხმარებელს ჰქონდეს იმის საშუალება, რომ თავად აირჩიოს ისეთი ობიექტი, რომელიც ასევე მწვანე და უსაფრთხოა.
“მწვანე სტატუსის” მინიჭება მოხდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. ამაზე საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას მივაწვდით. ეს მარტივი რეგისტრაციით გაკეთდება. თუ ვხედავთ, რომ დასაქმებული ადამიანების 80% აცრილია, მივანიჭებთ მწვანე, უსაფრთხო, სერტიფიკატს და მარკეტინგულადაც დავეხმარებით. ამ ეტაპზე ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს", - აცხადებს ფერაძე.