მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დასავლეთ საქართველოში "ენერგო-პრო ჯორჯია“ კვლავ საგანგებო რეჟიმში მუშაობს

რეგიონი
26.12.23 11:00
428

დასავლეთ საქართველოში "ენერგო-პრო ჯორჯია“ კვლავ საგანგებო რეჟიმში მუშაობს - შესაბამის განცხადებას კომპანია ავრცელებს.

"ენერგო-პრო ჯორჯიას ტექნიკური ბრიგადები დასავლეთ საქართველოში განსაკუთრებული რეჟიმით მუშაობას განაგრძობენ. აბონენტების ნაწილისთვის ელექტროენერგიის მიწოდება გუშინ საღამოს მოხერხდა. თუმცა, ამინდის კვლავ გაუარესების გამო, ენერგოინფრასტრუქტურის დაზიანება კვლავ გრძელდებოდა.

დაბა ხარაგაულს ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდება. აბონენტები ელექტროენერგიას იღებენ ასევე მუნიციპალიტეტის სოფლებში: ჩხერი, ჯაფარეული და ბაზალეთი.

ყინულმოცვის გამო დაზიანებულია მაღალი ძაბვის ათობით ხაზი, შესაბამისად კომპანიის ზარალი დიდია. ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება ასევე ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხის, წალენჯიხის და ჩხუროწყუს რაიონულ ცენტრებს. თითქმის მთელი ღამე არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია მესტიის მუნიციპალიტეტს, თუმცა, ამ დროისთვის ენერგომომარაგება აქ აღდგენილია.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის ტექნიკურ სამსახურს დიდთოვლობის გამო გადაადგილება უჭირს, აღდგენითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

"ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური დამატებითი ბრიგადები ქვემო ქართლიდან, შიდა ქართლიდან და სამცხე-ჯავახეთიდან არიან ჩასულები დასავლეთ საქართველოში და კოლეგებს ეხმარებიან სამუშაოების ოპერატიულად შესრულებაში", - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები