საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგენილია - აღნიშნულის შესახებ ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა კომპანიებმა BM.GE-ს განუცხადეს.
"თელასის" ინფორმაციით, რომელიც თბილისის ენერგომომარაგებაზეა პასუხისმგებელი, ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა ავარიული გათიშვიდან მალევე დაიწყო და ღამის საათებში მიწოდება სრულად აღდგა.
"ენერგო პრო ჯორჯიას" განცხადებით კი, რომელიც ელექტროენერგიას რეგიონებში ანაწილებს, 24 ივლისის დილის საათებში ავარიული გათიშვა ყველა რეგიონში სრულად აღმოიფხვრა.
ცნობისთვის, 24 ივლისს, დაახლოებით 00:10 საათზე, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება ავარიულად გაითიშა. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, აღდგენითი სამუშაოები მალევე დაიწყო და დაახლოებით ერთ საათში ელექტროენერგია მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ნაწილს და თბილისის დიდ ნაწილს მიეწოდებოდა. ამ დრომდე უცნობია ქვეყანაში ელექტროენერგიის ავარიული გათიშვის ზუსტი მიზეზი. სსე-ს 01:28 საათის ინფორმაციით, ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენა მიმდინარეობდა.




























