დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოფხვრისა და დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები ექვს მიმართულებაზე მუშაობენ - ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს, თუმცა პრესრელიზში დაკონკრეტებული არ არის, რომელ მიმართულებებზე მუშაობენ თავდაცვის ძალები.
"დღეს დილიდან სამხედრო მოსამსახურეები შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით გავიდნენ ყველა იმ კრიტიკულ ობიექტზე, სადაც მოსახლეობა დახმარებას საჭიროებს. ჯარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში პირადი შემადგენლობითა და შესაბამისი ტექნიკით არის ჩართული. თავდაცვის ძალების წარმომადგენლები შსს-ს სამაშველო სამსახურთან, მოსახლეობის დახმარების მიზნით, მუდმივ კოორდინაციაშია", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალების ჩართვის გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ, ირაკლი კობახიძის ბრძანების საფუძველზე სტიქიის დაწყებიდან მეხუთე დღეს გადაწყვიტა.
თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მხარდასაჭერად თავდაცვის ძალებიდან გამოყოფილია დასავლეთისა და აღმოსავლეთის, სპეციალური ოპერაციების, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის, ასევე წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობების ქვედანაყოფები და სპეციალური ტექნიკური საშუალებები




























