ღვინის კომპანიების ნაწილში აცხადებენ, რომ საქართველოში არსებული ვითარება და დასავლეთისგან იზოლაცია სამომავლოდ მათ ექსპორტზე ნეგატიურად აისახება.
როგორც კომპანია „ფაფრის ველში“ BMG-ის განუცხადეს, ჯერჯერობით დასავლელ პარტნიორებთან არსებულ კონტაქტებში პრობლემები არ შექმნილა, თუმცა ახალი ხელშეკრულებებიც არ გაუფორმებიათ.
კომპანიის დამფუძნებლის, შალვა ქურდაძის თქმით, პროცესების ასე გაგრძელების შემთხვევაში, ევროპულ ბაზარზე მომხმარებლის მხრიდან ქართული ღვინის მიმართ ინტერესი შემცირდება.
„ჩვენ ახლა იმ გადაზიდვებს ვახორციელებთ, რაც უკვე დაკონკრეტებული იყო და ვალდებულებები გვაქვს ორივე მხარეს, თუმცა მომავალი ადვილი პროგნოზირებადია, რომ ეს აუცილებლად შენელდება. მაგალითად, ბელარუსმა ოქროს ტრაქტორები რომ აწარმოოს, ევროპელ მომხმარებელს არ ექნება მისი შეძენის სურვილი. როდესაც ქვეყანას ანტიევროპული იმიჯი უყალიბდება, ეს მომხმარებლის განწყობაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს. კომპანიამ, რომელიც ჩვენგან ღვინოს ყიდულობს, რომ არ თქვას უარი თანამშრომლობაზე და დაალაგოს ჩვენი ღვინო რესტორნების თაროებზე, ევროპელი მომხმარებლისგან ქართული ღვინის მიმართ განწყობა მაინც მოიკლებს. მთავარი მომხმარებლის განწყობაა, რომელზეც ვერანაირი ახალი კონტრაქტი ვერ იმოქმედებს. მიუხედავად იმისა, რომ კარგი ურთიერთობა გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან, მომხმარებელია მთავარი, რომელიც მაღაზიაში შედის და ქართულ ღვინოს ყიდულობს.
ეს დაემართა ავტორიტარული რეჟიმის ქვეყნებს, არამხოლოდ იმიტომ, რომ ქვეყნებმა სანქციები დაუწესეს, არამედ იმიტომ, რომ მომხმარებელმა გამოუცხადა ბოიკოტი. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ის მეღვინეები და მეწარმეები ვიზარალებთ, ვინც დასავლეთის ბაზრებზე ვმუშაობთ. ახლა ახალი კონტრაქტები არ გვაქვს, აზრსაც ვერ ვხედავთ, სად შეიძლება წავიდეთ და ჩვენი ღვინოს პრომოუშენი გავაკეთოთ, ფაქტობრივად, დასავლეთის მიმართულებით ამდენი წლის მუშაობა წყალში იყრება“, - განაცხადა შალვა ქურდაძემ.