მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"დასკვნა, რომ საქართველოში სოციოლოგთა სიჭარბეა, ყალბია" - იაგო კაჭკაჭიშვილი სტუდენტთა კვოტირებაზე

იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგი და პროფესორი იაგო კაჭკაჭიშვილი მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ შრომის ბაზრის იმ კვლევის შედეგებს აფასებს, რასაც უნივერსიტეტებში სხვადასხვა სპეციალობაზე სტუდენტთა კვოტების განაწილება დაეფუძნა.

კვლევის შედეგები კაჭკაჭიშვილმა სოციოლოგიის სპეციალობის მაგალითზე განიხილა და განაცხადა, რომ მთავრობის მიერ დადგენილი დაბალი კვოტა, რასაც "ქართული ოცნება" ქვეყანაში სოციოლოგიის კურსდამთავრებულთა სიჭარბით ხსნის, გამოცხადებულ ვაკანსიებთან შედარებით, სინამდვილეში, ბაზრის რეალურ საჭიროებას არ ასახავს.

იაგო კაჭკაჭიშვილის შეფასებას უცვლელად გთავაზობთ:

"გამოქვეყნდა შრომის ბაზრის კვლევის შედეგები, რამაც კიდევ უფრო მეტად გაამყარა, ამ შედეგებზე დაყრდნობით, სასწავლო პროგრამებზე სტუდენტების კვოტების განსაზღვრის აბსურდულობა.

შევეცდები მარტივად ავხსნა სოციოლოგიის სპეციალობის მაგალითზე:

შრომის ბაზრის გამოქვეყნებული კვლევა ითვალისწინებს სტუდენტთა ჩარიცხვის, სწავლის დასრულებისა და დასაქმების საშუალო მაჩვენებლებს, 5 წლიანი პერიოდით: სოციოლოგიის სპეციალობაზე ჩაირიცხა 393 სტუდენტი; სწავლა დაასრულა 381 სტუდენტმა, ხოლო დასაქმდა 4 კურსდამთავრებული; ანუ, დისბალანსი კურსდამთავრებულებსა და დასაქმებულებს შორის არის 377.

აქედან საგანგაშო დასკვნა: საქართველოს შრომის ბაზარს არ სჭირდება ამდენი სოციოლოგი, სოციოლოგთა სიჭარბეა საქართველოში, ისინი განწირულნი არიან უმუშევრობისთვის!

ეს დასკვნა არსებითად ყალბია! სინამდვილეში, რა ხდება?

1. სოციოლოგიის სასწავლო პროგრამები უზრუნველყოფს ადამიანებს ისეთი ცოდნითა და უნარებით, რომლებსაც იყენებს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფერო. სოციოლოგიური კვლევების ჩატარება სჭირდებათ ყველგან: საფინანსო სექტორში (ბანკებში), ჯანდაცვაში, განათლებაში, სოფლის მეურნეობაში, პოლიტიკაში და ა.შ. ვერ დაასახელებთ ვერცერთ სფეროს, რომელიც არ საჭიროებდეს მომხმარებლების, დასაქმებულების, დამსაქმებლების, ამომრჩევლების და სხვა მიზნობრივი ჯგუფების განწყობების, დამოკიდებულებებისა და ქცევითი მზაობების შესწავლას. მოკლედ რომ ვთქვათ, სოციოლოგია აყალიბებს ტრანსფერულ ცოდნას და უნარებს, რომელთა გამოყენების დიაპაზონი უაღრესად ფართოა.

2. სწორედ ტრანსფერული ცოდნისა და უნარების უზრუნველყოფის გამო, ვაკანსიები შრომის ბაზარზე აბსოლუტურად არაა აუცილებელი, გამოცხადდეს „სოციოლოგის“ სახელდებით. სოციოლოგის კვალიფიკაცია სავსებით შეესაბამება ისეთ ვაკანსიებს, როგორებიცაა: მონაცემთა ანალიზის სპეციალისტი, პროექტების მონიტორინგის/შეფასების სპეციალისტი, ადამიანური რესურსების სპეციალისტი, მკვლევარი, მარკეტინგის სპეციალისტი და ა.შ. ამდენად, იმის მტკიცება, რომ საშუალოდ წელიწადში საქმდება მხოლოდ 4 სოციოლოგი, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.

3. სოციოლოგია, თავისი არსით, ინტერდისციპლინური მეცნიერებაა, ის იჭრება უამრავ დისციპლინაში და ემსახურება მომიჯნავე სპეციალობებში კვალიფიკაციის ამაღლებას. მაგალითად, ვერავინ იქნება განათლებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესიონალი, თუ არ ფლობს სოციალური კვლევების ჩატარების უნარ-ჩვევებს. სწორედ ამიტომ, უამრავ საუნივერსიტეტო სასწავლო პროგრამაში ნახავთ სოციოლოგიურ კომპონენტს, ისევე როგორც ბევრი მომიჯნავე სპეციალობა იყენებს სოციოლოგიის მაინორ პროგრამას, კვალიფიკაციის ასამაღლებლად.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რას ვუშვრებით ადამიანის ფუნდამენტურ ინტერესს? რა ვუყოთ იმ ახალგაზრდას, რომელსაც სოციოლოგია აინტერესებს და არ ებღაუჭება იმას, წლების მერე როგორი იქნება მისი დასაქმების პერსპექტივა? რატომ უნდა იყოს ასეთი ინტერესი უგულებელყოფილი? სოციოლოგიის მიმართ ფუნდამენტური ინტერესი რომ არსებობს, ამის მტკიცებილებაა სწორედ ის, რომ არასოდეს (!) თსუ სოციოლოგიის პროგრამას, რომელიც უკვე ათეული წლებია წელიწადში საშუალოდ 120 ახალგაზრდას იღებს, არ ჰქონია სტუდენტების მიღების პრობლემა (რამდენადაც ვიცი, იგივეა ილიას უნივერსიტეტის გამოცდილებაც).

ხედავთ ამ ე.წ. რეფორმის მესვეურებო, ამ უგუნური და დაუსაბუთებელი კვოტებით როგორ აზიანებთ უმაღლეს განათლების მიღების შესაძლებლობებს, კონკრეტული დარგების და თვით შრომის ბაზრის განვითარების პერსპექტივას?" - წერს ის.

შრომის ბაზრის კვლევის პრეზენტაცია, რომლის საფუძველზეც "ქართულმა ოცნებამ" უნივერსიტეტებში სპეციალობების მიხედვით კვოტების გადანაწილება განსაზღვრა, მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარე კვირის დასაწყისში გაიმართა. "ოცნების" პრემიერ ირაკლი კობახიძის თანახმად, "უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის" კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 12 500 საწარმო.

კვლევამ აჩვენა, რომ საჯარო და კერძო სექტორში უმაღლესი განათლების მქონე სამუშაო ძალაზე მოთხოვნა 5-წლიან პერსპექტივაში ჯამში 64 095 ადამიანს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები