მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დათმობა არ იქნება" - აზარაშვილის თქმით, რეანიმაციის სტანდარტების ამოქმედება არ გადავადდება

BM.GE
31.07.23 13:35
38

კლინიკებისთვის მიმდინარე წლის 1-ელი სექტემბრიდან ახალი რეგულაციები შედის ძალაში. გასული წლის ნოემბერში რეანიმაციული მომსახურების სანებართვო პირობები დამტკიცდა, რომლის თანახმადაც რეანიმაციული სერვისის ყველა მიმწოდებელი ვალდებულია, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი რეანიმაციული მომსახურების სანებართვო პირობები მიმდინარე წლის 1-ელ სექტემბრამდე დააკმაყოფილოს. სტანდარტი რეანიმაციული განყოფილების ინფრასტრუქტურული მოწყობის შესაბამის პირობებს აწესებს, აღჭურვილობის, ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევების, სამედიცინო პერსონალის რაოდენობისა და განათლების ვალდებულების კუთხით. სანებართვო პირობების გარეშე, კლინიკას რეანიმაციული მომსახურების მიწოდების უფლება არ ექნება. ძალაში შედის ქირურგიის სტანდარტებიც. ჯანდაცვის ასოციაცია რეანიმაციისა და ქირურგიის ახალი სტანდარტების ძალაში შესვლის გადავადებას ითხოვს.

ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი ვერ ხედავს აუცილებლობას, რომ რეგულაციების ამოქმედება გადავადდეს. აზარაშვილის თქმით, სტანდარტები, რომელიც ძალაში უნდა შევიდეს, ელემენტარულია და აუცილებელია დაკმაყოფილდეს.

„ჯერ კიდევ წინა წლის დასაწყისში, როცა მე ამ უწყებაში მოვედი და გავდიოდი სხვადასხვა საკითხს, ძალიან გაკვირვებული დავრჩი, რომ მაგალითად, რეანიმაციის არანაირი სტანდარტი, თუნდაც ერთ ფურცელზე დაწერილი, ან ინფექციის კონტროლთან დაკავშირებით, ან ექიმების რაოდენობასთან დაკავშირებით, არ არსებობდა. მაშინვე მივიღე გადაწყვეტილება, რომ რაც შეიძლება სწრაფად გამევლო ეს საკითხი სექტორის წარმომადგენლებთან, ისევ თავიანთი დაწერილი ვერსია განგვეხილა, რომელიც საერთაშორისო გამოცდილებას შევადარეთ, იყო განხილვები. გადაწყვეტილება სექტემბერშია მიღებული, შესაბამისად, სექტორს ერთი წელი ჰქონდა. ყველანაირი გონივრული ვადა და შესაძლებლობა აქვს მიცემული სექტორს, რომ სტანდარტები დააკმაყოფილოს. ამის არარსებობა ქვეყანაში შეუძლებელია, არანაირი დათმობა ამ კუთხით არ იქნება", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ამასთან, ზურაბ აზარაშვილი აღნიშნავს, გადავადადების საჭიროება არ არსებობს.

"ვერ ვხვდები რა უნდა დავთმოთ, როცა რეანიმაციაში არის სულ რამდენიმე პრინციპული საკითხი - სახანძრო უსაფრთხოება, ინფექციის კონტროლი, საწოლების რაოდენობა, ექთნების და ექიმების რაოდენობა. ვერ ვხვდები საჭიროებას, რატომ უნდა განვიხილოთ მისი ამოქმედების გადავადება, ერთწლიანი ვადა ჰქონდათ მიცემული და ჩვენი მხრიდან ყველანაირი ხელშეწყობა აქვთ. ერთი კლინიკის ბაზაზე 5-10 კლინიკაა შექმნილი და უნდათ, რომ ფურცლებით, ერთმანეთთან რაღაც კონტრაქტებით მოაწესრიგონ ეს საკითხი, ყველას კლინიკა ერქვას და სინამდვილეში ფურცლებით ჰქონდეთ კონტაქტები - ამას ვერ დავუშვებთ. ამას კლინიკა არ ჰქვია“, - განაცხადა აზარაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები